23 February, 2015

ჰენრი დევიდ თოროს ,,უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება”


ნაწარმოების წაკითხვისას მკითხველი აღმოაჩენს რაღაც ახალს, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული და არ აინტერესებდა რა ზიანი მოჰქონდა არსებულ სოციალურ პრობლემებს საზოგადოებისთვის . 

„უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება” თოროს ერთ-ერთ მთავარ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს. წიგნი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში არსებულ უოლდენის ტბის პირას თოროს განმარტოებულ ცხოვრებას ასახავს, სადაც ის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ლიტერატურაზე, მოდაზე, მარტოობაზე, საზოგადოებაზე და სხვა თემებზე ფიქრს მთელ თავის დროს უთმობს და ამ გამოცდილებას გვიზიარებს.

„მოდა - ის მოძრაობს და ადგენს წესებს მთელი სიმკაცრით. მთავარი მაიმუნი სადღაც პარიზში იხურავს მოგზაურის კეპს და ყველა ამერიკელი მაიმუნი იგივეს იმეორებს” - ასეთია თოროს აზრი მოდაზე.

„რაც შეეხება პირამიდებს, არაფერი გასაოცარი მათში არაა, გარდა იმისა, რომ ამდენ ადამიანს დააძალეს მთელი ცხოვრება ვიღაც რეგვენის საფლავი ეშენებინათ, რომლის გვამის ნილოსში გადაგდება და ძაღლებისთვის მირთმევა უფრო ბრძნული და ვაჟკაცური გადაწყვეტილება იქნებოდა” -  წერს თორო.

„უოლდენში“ თოროს მიაჩნია, რომ იმდროინდელი საზოგადოება ყალბი და სრულიად უსარგებლო წარმოდგენებით ცხოვრობდა. ალბათ, დღევანდელი გადმოსახედიდან, მისი აზრი უფრო გამყარდებოდა. რეალობაში ადამიანს ბედნიერი ცხოვრებისთვის ბევრად ნაკლები მატერიალური სიკეთე და ბევრად უფრო მეტი სულიერი საკვები სჭირდება. წიგნში თოროს პრაქტიკული მაგალითებიც მოჰყავს. ეს მაგალითები ძირითადად მის პირად გამოცდილებას ეფუძნება. ის დეტალებში აღწერს, თუ რამდენს ხარჯავს საკუთარ კვებაში და რამდენია მისი შემოსავალი მის მიერვე მოყვანილი პროდუქტების სახით.

თორო ტრანსცედენტალიზმის წარმომადგენელია, ანუ იმ დროინდელი სახელმწიფო სისტემის და საზოგადოებრივი მოწყობის მოწინააღმდეგე. ტრანსცენდენტალისტებს ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებრიობისა და ბუნების მიმართ. თოროს მთელი ნაწერები არის ბუნებით განსაკუთრებული ტკბობა და სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებისადმი. შეიძლება ითქვას, რომ თორო ბუნებაში ეძებდა საზოგადოებისგან, ხელისუფლებისაგან და მატერიალური პირობებისაგან თავისუფალი ადამიანის დასაყრდენს.

ცნობილია ის ფაქტი, რომ 1845 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ჰენრი დევიდ თორომ საზოგადოებისაგან, ხელისუფლებისგან, მთელი ამერიკული თუ არაამერიკული ცივილიზაციისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ტყეში გადასახლდა უოლდენის ტბის მახლობლად მდებარე ხის სახლში. სწორედ ტყეში ცხოვრების ეს  ორნახევარი წელიწადი (1845-1847) აღწერა ,,უოლდენში”. ემერსონი მასზე წერდა: ,,არ იცოდა არც ერთი ხელობა, არ ჰყავდა ცოლ-შვილი, მარტოობა ყველაფერს ერჩივნა, არ დადიოდა ეკლესიაში, პრინციპულად არ მონაწილეობდა არჩევნებში და არ იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, არ ჭამდა ხორცს, ღვინოს პირს არ აკარებდა, თამბაქო არც კი გაუსინჯავს, და, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალისტი იყო, ბუნებაში ყოფნისას არც ხაფანგი დაჰქონდა თან და არც თოფი. უთუოდ ბრძნულად აირჩია, რომ მხოლოდ აზროვნებისა და ბუნების ამარა დარჩენილიყო. ქონების დაგროვების არავითარი უნარი არ ჰქონდა, მაგრამ ის კი იცოდა, როგორ ყოფილიყო ღარიბი ისე, რომ არც ჭუჭყში ეცხოვრა და არც გარეგნობაზე დასტყობოდა.” 

მცირე ფრაგმენტი მისი წიგნიდან, რომელიც უფრო ნათელს გახდის თოროს სათქმელს: 

* „ამ გვერდებს, ან მათ უმეტეს ნაწილს რომ ვწერდი, ტყეში ვცხოვრობდი, უმეზობლოდ, უახლოესი მოსახლისგან მილის დაშორებით, სახლში, რომელიც მასაჩუსეტში, კონკორდთან, უოლდენის ტბის პირას ჩემი ხელით ავიშენე, და თავს საკუთარი გარჯით ვირჩენდი. ორი წელი და ორი თვე იქ დავყავი. ახლა კვლავ ცივილიზაციას დავუბრუნდი“.

* „მკითხველს თავს ამ წვრილმანებით არც შევაწყენდი, თანამოქალაქეებს იმდრონდელი ჩემი ყოფისადმი დაჟინებული ცნობისმოყვარეობა რომ არ გამოეჩინათ, რომელიც ზოგს შეიძლება გადაჭარბებულიც მოეჩვენოს, მაგრამ, გარემოებათა გათვალისწინებით, მე სავსებით ბუნებრივი და მართებული მეჩვენება. ერთნი მეკითხებოდნენ, რით ვიკვებებოდი“. 

,,უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” არის დღიური, რომელსაც აწუხებს იმ დროინდელი ამერიკელების სოციალური პრობლემები. ჰენრი დევიდ თორო დღევანდელობას დიდი გულისტკივილით შეხედავდა. ის, რის წინააღმდეგაც თორო XXI საუკუნეში იბრძოდა, არა თუ შემცირდა, უფრო გაიზარდა.


ავტორი: გვანცა არუნაშვილი
23.02.2015