დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

16 December, 2014

8 ცნობილი ყორანი მსოფლიო ლიტერატურაში


თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ თანმიმდევრობა მხოლოდ პირობითია და სიის შემადგენლობა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ავტორის ფაქტობრივ ცოდნას და მახსოვრობას.

მაშ, ყორანი...
შავი ფრინველი, შიშის, სიკვდილის და ათასი უბედურების სიმბოლო.


1. ჰუგინი (თუ მუმინი) - "ამერიკელი ღმერთები" - ნაილ გაიმანის სპეციფიკური პერსონაჟი. ერთ-ერთ ეპიზოდში შედოუს გამცილებელი, მძაღე ხასიათის მქონე ყორანი. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე იუმორისტური ეპიზოდი, სწორედ მას უკავშირდება.
"- ჰეი შენ ! ჰუგინი ხარ, თუ მუმინი, თუ ვინ ჯანდაბაც ხარ
ჩიტმა თავი მოაბრუნა და შედოუს მანათობელი თვალებით შეხედა.
- თქვი "Nevermore" ! უთხრა შედოუმ
- Fuck you ! უპასუხა ერთი და იმავე ხუმრობით დაღლილმა ყორანმა.




2. მეთიუ - "სენდმენი" - ისევ გაიმანის ირგვლივ ვტრიალებთ. უდავოდ მისი საუკეთესო ნამუშევარი, გრაფიკული ნოველების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და მისი მთავარი გმირის ერთგული მსახური. მეთიუ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის მიღება შეუძლია, ძირითადად მთელი ნაწარმოების განმავლობაში, მაინც ყორანია. მისი ბატონის უერთგულესი მსახური. ერთადერთი, ვინც სიზმრების მეფეს ყველაზე ძნელ წუთებში გვერდში ჰყავდა.




3. მოზესი - "ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორველის ამ მცირე ზომის ნაწარმოებში ყორანისთვისაც მოიძებნა სათანადო ადგილი. მოზესი ჯოუნსის საყვარელი ფრინველი იყო და ცხოველებს გამუდმებით უყვებოდა აღთქმული ადგილის - შუგარქენდის მთის შესახებ, სადაც ყოველთვის კვირა დღეა და სადაც მათ შეუძლიათ ბედნიერად ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. საინტერესოა, რომ ფერმაში აჯანყების შემდეგ, მოზესი მიფრინავს ფერმიდან, თუმცა ქარის წისქვილის ბრძოლის შემდეგ უკან ბრუნდება და აგრძელებს "ქადაგებას".


4. კარკი და როაკი - "ჰობიტი" - ტოლკინის მიერ დაგეგმილ სმაუგის განადგურებაში თავისი წვლილი ამ პატარა არსებებმაც შეიტანეს. ყორნების გორა მთის მაღალ ქედზე მდებარეობდა და გადაჰყურებდა მდინარე მორბენალს და ველისმიდამოებს. ერებორის ჯუჯების მიერ სწორედ ამ გორაზე გაკეთდა საგუშაგო. აქვე ახლოს ცხოვრობდნენ ყორნები, კარკი და როაკი. როაკი არის კარკის შვილი, რომელიც თავის მხრივ გახლავთ შიკრიკი ყორნების ტომის ბელადი. შემდგომში სწორედ როაკი მიუტანს თორინს სმაუგის დაღუპვის ამბავს. 


5.რუფია - "ამბავი ლილე იროელისა" - მართალია, რუფია ყვავია, მაგრამ ნატო დავითაშვილმა იმდენად საინტერესო პერსონაჟი შექმნა, (თან ქართველია) მე მგონი ბევრი არაფერი დაშავდება თუ მის ბიძაშვილ ფრინველებთან მოვიხსენიებთ. ნაწარმოების განმავლობაში ვხვდებით რუფიას ფერისცვალებას. ყვავში ჩასახლებული ბოროტი სული ნელ-ნელა კეთილშობილდება და ლილეს ერთგულ თანმხლებლად იქცევა. წიგნის დასასრულს, იმ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ლილე ახალ მოგზაურობას იწყებს, თან მხოლოდ რუფია ახლავს. ბევრჯერ გამოცდილი, ერთგული და ცოტა უტაქტო ყვანჩალა.


6. სამთვალა ყორანი - "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა" - ჯორჯ მარტინის წიგნების სერიაში პირველივე სეზონში ჩნდება სამთვალა ყორანი. მისი გამოჩენა დაკავშირებულია ბრანის ტრავმასთან. პატარა სტარკი სიზმრად ხედავს შავ ფრინველს და მისი ქცევის მიხედვით, მამის სამყოფელის პოვნას ცდილობს.მე-3 სეზონში, ბრანს კიდევ ერთხელ ესიზმრება ყორანი, რომლის მოკვლასაც ძილში ამაოდ ცდილობს. სიზმრად გამოცხადებული ჯოჯენი კი უმხელს, რომ მას არ შეუძლია სამთვალა ყორნის მოკვლა, რადგან ის თავად არის შავთვალა ყორანი.




7. გრიპი - "ბერნაბი რაჯი" - ჩარლს დიკენსმა თავის მთავარი გმირის, ბერნაბის თანმხლებლად, შავი ყორანი აირჩია. ბერნაბი მთელი ნაწარმოების განმავლობაში მასთან ერთად მოძრაობს. გრიპი ერთგული და ძალიან ბევრის მცოდნე ფრინველია. თუმცა, მისი მთავარი დამსახურება იმაშია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ის გახდა ედგარ ალან პოს შთაგონების წყარო.




8. ყორანი - "Raven" - ედგარ ალან პო წარმოუდგენელია მის გარეშე. ყორანი და პო ერთდროულად დაიბადნენ. 
პოს მთელ შემოქმედებას გასდევს ყორანის ჩახლეჩილი ხმა, რომელიც გამუდმებით იმეორებს იდუმალ სიტყვას: Nevermore...





ავტორი: ირაკლი სულაძე

15 December, 2014

ბლეიზი - რიჩარდ ბახმანი (სტივენ კინგი)


-         ჯორჯ!
პასუხი არ არის.

1973 წელს, როდესაც სტივენ კინგმა ბლეიზის წერა დაამთავრა, მისი, როგორც ჰორორის ამომავალი მეფის გზა ჯერ ახალი გაკვალული იყო. შესაბამისად, ისეთმა რომანებმა, როგორებიცაა, „ქერი“ და „სალემის ლოტი“, რბილად რომ ვთქვათ, დაჩრდილეს ბლეიზი. სტივენი ახალგაზრდობიდანვე ბევრს წერდა. ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გამოსაცემად რამდენიმე რომანს ამზადებდა. გამომცემლობის პრეტენზიების გათვალისწინებით, ავტორი იძულებული იყო, რომ გამოცემული ორი წიგნიდან ერთ-ერთისთვის ფსევდო-ავტორის სახელი მიენიჭებინა. ასე დაიბადა რიჩარდ ბახმანი. თუმცა, საშინელებითა და მისტიკით გართულმა კინგმა საერთოდ გადაიფიქრა ბლეიზის გამოცემა და როგორც მას ხშირად სჩვევია, ხელნაწერი იმდენად უყურადღებოდ მიაგდო, რომ მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ, მენის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში წააწყდა. ისიც შემთხვევით. ამჟამად უკვე დაღვინებულმა ავტორმა უფრო მეტად დააფასა თავისი ერთ-ერთი პირველი ქმნილება და მას უკვე სხვა თვალით შეხედა. ასე იხილა ბლეიზმა დღის სინათლე 2007 წელს.

რომანი მისი მთავარი გმირის სახელს ატარებს. ბლეიზი კლეიტონ ბლეიზდელის მეტსახელია. აღნაგობით - მაღალი, ზორბა, ჩამოყალიბებული მუტრუკი. გონებრივად - ოდნავ განუვითარებელი. ხასიათით - გულჩვილი და ცოტა სულელი. ბლეიზი, მეგობრის, ჯორჯის მკვლელობის შემდეგ, მათი ერთობლივი გეგმის განხორციელებას და მდიდარი მამიკოსთვის შვილის მოტაცებას გადაწყვეტს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში ბლეიზი ესაუბრება ჯორჯს, ცხადად ხედავს მას ოთახში, მისგან სწავლობს ბავშვის მოვლას, საფენების გამოცვლას. გარდაცვლილი ჯორჯი აძლევს ცხოვრების ძალას და მატებს გამბედაობას.თუმცა, არის მომენტები, როდესაც ჯორჯი აღარ ჩანს, ბლეიზი რჩება მარტო, გადის დრო და მასში იღვიძებს სტაინბეკის „ადამიანებისა და თაგვების შესახებ“ - ის ლენნის მსგავსი კეთილშობილური არსება.გახსოვთ არა? სცენა, როდესაც მალკოვიჩი ეფერება პატარა ლეკვს. სწორედ ასეთი ხდება ბოროტმოქმედი ბლეიზი პატარა ჯოსთან მიმართებით. ნელ-ნელა ბლეიზისთვის მისი ქმედებების მთავარი მიზანი - ფული, უკვე უმნიშვნელო ხდება და მის  ერთადერთ სურვილად იქცევა პატარა ჯოსთან სიახლოვე და მისი მოვლა - პატრონობა.

წიგნის თხრობა ორ პარალელურ სივრცეში მიმდინარეობს. ერთი - ახლანდელი, „ვზროსლი“, ნასამართლევი და ათას უბედურებას გადაყრილი ბლეიზის ამბავია, მეორე კი - მისი და ჯორჯის პატარაობა ბავშვთა სახლში. უნდა ითქვას, რომ ბავშვობის ისტორიები უფრო საინტერესოა, ნათლად ჩანს ყველა ის ფაქტორი, რაც ნელ-ნელა, შეუმჩნევლად უდიდეს ზეგავლენას ახდენს ბავშვების შემგომ ცხოვრებაზე. ბლეიზი ხშირად უბრუნდება ბავშობისდროინდელი მოგონებების ადგილებს, ვერ ივიწყებს ჯორჯს და ცდილობს მუდმივი კავშირი ჰქონდეს წარსულთან. 

ისევე როგორც კინგის "ის"-ში, ბლეიზშიც, მკვეთრად არის გამოხატული პატარაობისდროინდელი ტრავმების ზეგავლენა ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის შეხედულებებზე სამყაროსადმი. არც ერთ ადამიანს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია მთავარ გმირზე, როგორც ბავშვობისდროინდელ მეგობარს, მასზე გამხდარს, გაცვეთილ და ხულიგან ჯორჯს. ჯორჯს, რომლის გარეშეც ბლეიზის ბავშვობა არასრულყოფილია და რომლის სიკვდილის შემდეგაც ბლეიზი შეიცვალა. შეიცვალა იმიტომ, რომ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ჯორჯთან. თუ ჯორჯისგან ლანძღვას და დაცინვას თუნდაც ერთი დღე არ მოისმენდა, ბლეიზს ყოველთვის რაღაც აწუხებდა. ჯორჯი და ბლეიზი ერთი მთლიანობა იყო, ერთმანეთს აბალანსებდნენ და ერთ საშიშ ორგანიზმს ქმნიდნენ. ამ ორგანიზმის დაშლამ კი ბლეიზის ცვლილება გამოიწვია. თუმცა, დადებითი კუთხით (ალბათ).

ჯერ ერთი, ჯორჯი არც არასდროს მომკვდარა, ის მუდამ ცოცხალი იყო ბლეიზის თავში, მუდამ ჰქონდა მასთან კონტაქტი. თანაც, რაც დრო გადიოდა, ბლეიზი უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდებოდა, აგრესიის კონტროლს სწავლობდა და თავისი სიშტერის აღარ ეშინოდა.

შიში? არ ვიცი, რამდენად საშიშია ის ეპიზოდები, რომელშიც ბლეიზი ბნელ ოთახში ბავშვის მოტაცებას ცდილობს, ან მკვლელობის ის სცენები, რომელიც აბსოლიტურად შემთხვევითია, მაგრამ ამ რომანით კინგმა თავისი მეორე სახე არამარტო ფორმალურად, არამედ წმინდა ლიტერატურულადაც შექმნა. მისი საბეჭდი მანქანის კლავიშების მრავალფეროვნება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ საშინელებათა და მისტიკური თრილერების ჟანრის კლასიკურ რომანებთან ერთად, სტივენი ქმნიდა ოდნავ სევდიან, ქანთრის მელოდიით გაჟღენთილ ამერიკულ ისტორიებს, პატარა ბავშვებით და ბუნჩულა ბოროტმოქმედებით.


ავტორი: ირაკლი სულაძე


13 December, 2014

წელიწადის დრონი - სტივენ კინგი



ძალიან ბევრ ადამიანს, როდესაც სტივენ კინგს უხსენებ, მაშინვე თვალწინ წარმოუდგება მისტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში დაწერილი წიგნები. რატომღაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ძია სტივენი მხოლოდ ამ ჟანრებში ფუსფუსებს და შესაბამისად, მის შემოქმედებას არასერიოზულად უყურებენ.
 პირველ რიგში, ეს არასერიოზული დამოკიდებულება არის ზოგადად ფენტეზის ტიპის წიგნების მიმართ, რომელსაც ადამიანები, განსაკუთრებით კი ,,დოსტოევკოფილები“ (ვგულისხმობ ფილოსოფიის მოყვარულ საზოგადოებას) აღიქვამენ როგორც ძალიან ზერელე და არაფრისმომცემ ჟანრად. თუმცა თუ ამ ჟანრში მოღვაწე მწერალი საკმაოდ სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს(სამწერლო ასპარეზს), მაშინ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი არარეალური მოვლენის მიღმა შესაძლოა დაინახო სერიოზული და საკმაოდ აქტუალური პრობლემაც. თუმცა ამას რომ თავი დავანებოთ, რჩება მეორე ცუდი სტერეოტიპი, როდესაც ხალხი სტივენ კინგს მიიჩნევს მხოლოდ ზემოთხსენებულ ჟანრებში მოღვაწე მწერლად. სწორედ ამ სტერეოტიპის დასანგრევად კინგმა დაწერა არაერთი ნაწარმოები, რომელიც სცილდება ფენტეზის ჟანრს და არის ტიპური ფსიქოლოგიური დრამის, ტრილერისა და ზოგადფილოსოფიური სახის ნაწარმოებიც კი. დღეს კი სწორედ კინგის ამ ტიპის წიგნების ერთ-ერთ წარმომადგენელზე-  ,,წელიწადის დრონზე“ მინდა ვისაუბროთ.

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ეს წიგნი აერთიანებს 4 მოთხრობას, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ ნაწარმოებს, რომელთაგან 3-ზე საკმაოდ პოპულარული ფილმია გადაღებული. ესენია ,,რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, ,,ნიჭიერი მოწაფე“ და ,,გვამი“. ხოლო მეოთხრე მოთხრობაზე -,,სუნთქვის მეთოდი“, სამწუხაროდ,  ჯერჯერობით ფილმი არ გადაუღიათ.

მაშ ასე, დავიწყოთ:


1. რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან


რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბევრ ადამიანს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ისეთი ცნობილი ფილმი, როგორიცა ,,გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, სტივენ კინგის დაწერილია. ეს არის წიგნი, რომლის სიუჟეტი საკმაოდ მარტივია, კერძოდ ახალგაზრდა ბანკირს, ედი დიუფრეინს ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან მკაცრი რეჟიმის ციხეში. მიუხედავად პრიმიტიული სიუჟეტისა, ნაწარმოებში შეხვდებით ძალიან საინტერესო მოვლენებსა და ფაქტებს, რომელთა უემოციდ გავლა შეუძლებელია. თქვენ ნახავთ თუ რაოდენ ძნელია ციხის ადამიანის პირველი დღეები, ის ციხესთან ადაპტაციის პირველი წლები, რომლის გადალახვაც უწევთ პატიმრებს. იმ ფაქტორს, რომ მთავარ მოქმედ პირს სამუდამო პატიმრობას უსჯიან, ემატება ფსიქოლოგიური წნეხები და ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლებიც ციხის უფროსის წყალობით უხვადაა საპატიმროს ფარგლებში. ამ საფრთხის შემცველია, როგორც თავად ციხის ბადრაგები, აგრეთვე სხვა პატიმრებიც, რაც ციხის ცხოვრებას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.
ნაწარმოებში შეხვდებით მრავალ უარყოფით პერსონაჟს, მაგალითად ციხის უფროს ნორტონს, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ რელიგიას ამოფარებული ტირანი. მისი ბიბლიური ფრაზებით მანიპულირება ნამდვილად ამაზრზენია. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის იცავს რელიგიურ მცნებებს, რადგან უშუალოდ მისი ხელით არაფერი ,,ფუჭდება“. რეალურად კი, ის ყველა პუნქტს არღვევს, რადგან ნებისმიერი ბინძური საქმე სწორედ მისი ბრძანებით სრულდება. თუმცა მიუხედავად ნორტონის მსგავსი პერსონაჟებისა, ნაწარმოებში შეხვდებით დადებით პიროვნებებსაც, მაგალითად რედის სახით, რომელიც კონტრაბანდისტული გზებით პატიმრებს საშუალებას აძლევს ციხეში შემოიტანონ მათთვის ყველაზე აუცილებელი ნივთები. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ენდი შემდგომში გულახდილად ისაუბრებს, და მეტიც, დაუმეგობრდება, სწორედ რედი იქნება. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, დანარჩენი მკითხველმა წაიკითხოს.
 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შოუშენკის საპატიმროში!


2. ნიჭიერი მოწაფე


ზემოთ ვახსენე, რომ კინგის ეს მოთხრობების კრებული შორს არის ფენტეზისა და მისტიკისგან, თუმცა კინგის ხელწერა, რომელიც გულისხმობს მოვლენების საშინელებათა ჟანრის კუთხით განვითარებას, უცვლელი რჩება. ,,ნიჭიერ მოწაფეში“ თქვენ გელოდებათ უაღრესად რეალისტური სიუჟეტი, თუმცა ამავდროულად ძალიან საზარელი და შოკისმომგვრელი. კერძოდ, ნაწარმოების მთავარი გმირი, სკოლის მოსწავლე ტოდ ბოუენი ერთ დღეს მიადგება მის მეზობლად მცხოვრებ გერმანელი იმიგრანტის, არტურ დენკერის სახლს. ტოდი თავისი ინტუიციისა და გამომძიებლური ნიჭის წყალობით აღმოაჩენს, რომ არტური სინამდვილეში ნაცისტი კრიმინალია(დუსანდერის სახელით ცნობილი), რომელიც ჰოლოკოსტში(ებრაელთა გენოცდიში) აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სწორედ აქედან იწყება ნაწარმოების მთელი დინამიკა.
ტოდ ბოუენი შანტაჟის წყალობით მოახერხებს, რომ დუსანდერი აელაპარაკებინა იმ ტაბუდადებულ თემებზე, რომელიც მოიცავდა დუსანდერის ნაცისტურ პერიოდში მოღვაწეობას, მის ყველა ამაზრზენ საქციელს ებრაელთა მიმართ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ დუსანდერი არ იყო იმ ადამიანთა კატეგორიიდან, რომლებიც ნანობენ თავინათ წარსულში ჩადენილ დანაშაულს. დუსანდერის ,,უმოქმედობა“(ვგულისხმობ კანონმორჩილებას) განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მას უბრალოდ აღარ უწევდა ნაცისტურ გერმანიაში ცხოვრება, ის ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თავის ჭკუაზე ვერც ვერავის მოკლავდა და ვერც ვერავის აწამებდა ნაცისტურ ჯურღმულებში. თუმცა ტოდის ,,წყალობით“, მან როდესაც გაიხსენა ყველა თავისი ნამოქმედარი, ჩადენილის მიმართ გარკვეული სიმპათიაც უჩნდება. დუსანდერის ტიპური შეშლილი, ფსიქოპატი ადამიანი გახლდათ, რომელიც ჩაიდენდა ნებისმიერ მოქმედებას, მკვლელობას, წამებას, ადამიანის დაჩაგვრას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის- ეს იყო სხვისი ტკივილით მიღებული სიამოვნება და ამით, ჩემთვის ამოუცნობი მიზეზით, საკუთარი თავის განდიდება.
თქვენ ნახავთ, რომ დუსანდერს ფანატიკოსობაში და შოკისმომგვრელ საქციელში თვითონ ტოდ ბოუენიც არ ჩამოუვარდება. ებრაელთა წამების ისტორიები მასზე უარყოფითად იმოქმედებს და გადაიქცევა მეორე დუსანდერად. ანუ ეს გახლდათ დუსანდერის რეიკარნაცია ტოდში. სხვათაშორის, თუ კინგის სხვა ნაწარმოებებიც წაგიკითხავთ, მაგალითად ,,უიმედოთა ქალაქი“, იქ ნახავთ კინგის ბოროტების მიმართ დამოკიდებულების გარკვეულ იდეას. სტივენ კინგმა ამ უკანასკნელ ნაწარმოებში თქვა, რომ ბოროტება მყიფეა, მას არ შეუძლია ბოროტების შექმნა, თუმცა შესაფერის მომენტში მას შეუძლია გამრავლება. სწორედ ეს იდეა გაიმეორა მან ნიჭიერ მოწაფეშიც.(კინგს ხომ უყვარს თავისი ნაწარმოებების ერთმანეთთან რაღაც კუთხით დაკავშირება). ტოდი იყო დუსანდერის ბოროტების იდეის გამგრძელებელი. ამის შესახებ კი უფრო კონკრეტულად გაიგებთ ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ. 


3. გვამი




თუ თქვენ გიტაცებთ რომანტიული სიუჟეტები, ამბის ლამაზი ენით თხრობა და ბუნების აღწერით სიუჟეტის გამრავალფეროვნება, ტყუილ უბრალოდ მსგავსი განწყობით ნუ დაიწყებთ ამ მოთხრობის კითხვას. ეს ნაწარმოები არის ტიპური ფსიქოლოგიური დრამის, ტრილერისა და ექშენის ჰარმონიული ნაზავი, რომელიც ცხოვრების მკაცრ რეალობაზეა დაფუძნებული. აქაც მოვლენები მკაცრი სიზუსტით მიყვება ერთმანეთს, არანაირი ქრონოლოგიური აღრევა, თუმცა რამდენიმე მოვლენა, რომელიც ამ წიგნში აშკარად ავტორის მკითხველისადმი ირონიას ავლენს, თითქმის შეუძლებელია წინასწარ გამოიცნო.
ნაწარმოებში თქვენ გაიცნობთ 4 ბავშვობის მეგობარს, რომლებიც გადაწყვეტენ დაღუპული ბიჭის გვამის მოძებნას და ამით პოპულარობის მოპოვებას. მათ დაახლოებით იციან სად უნდა ეძებონ გვამი და თითქოს ეს ნიუანსი მათ მისიას(და ამასთანავე სიუჟეტს) აადვილებს. თუმცა, კინგის ნაწარმოებებში ყველაფერი არ არის ხოლმე ისე ადვილად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მკვდარი ადამიანისკენ მიმავალ მოგზაურობაში, რომელიც არც ისე დიდია, ისინი სრულიად შეიცვლებიან. ისინი წარდგებიან ცხოვრების მკაცრი რეალობის წინაშე, გაიგებენ რომ ცხოვრებაში ნებისმიერი რამის მიღწევა არც ისე ადვილია, როგორც იგი თეორიულად შეიძლება ჩანდეს. მათ არ იცოდნენ იმ განცდების შესახებ, რომელიც გაუჩნდებოდათ ნახევრადგახრწნილი გვამის ხილვისას, მათ არ იცოდნენ, რომ ყველაფერი არ არის პოპულარულობა და სახელის მოხვეჭა. ოთხივე ახალგაზრდა მიხვდება, რომ ისინი არ იყვნენ მზად ცხოვრებაში ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად. რა პრობლემებზე და რა განცდებზეა საუბარი, თქვენ ამას წაკითხვის შემდეგ ნახავთ, უბრალოდ იცოდეთ რომ წინ ცხოვრების დაუნდობელი განსაცდელები გელით!

4. სუნთქვის მეთოდი

        სუნთქვის მეთოდი ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტრილერი არ გახლავთ. ამ ნაწარმოებში მაინც იგრძნობა კინგის მისტიკაფილობა ანუ ამ ჟანრის მიმართ მიდრეკილება, რასაც თქვენ ნამდვილად აღმოაჩენთ სიუჟეტში, თუმცა ეგეც საკითხავია ვისთვის მისტიკა არის ეს ყველაფერი და ვისთვის რეალობა. სიუჟეტი კი ერთი შეხედვით პრიმიტიულია. მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში ხალხი სურვილისამებრ იკრიბება ხოლმე და ყვება თავიანთი ცხოვრებისეული ამბების შესახებ. სწორედ ამგვარ შეკრებაზე, დეივიდი(მთხრობელი) დაიწყებს ძალზედ უცნაური და ამაღელვებელი ამბავის თხრობას გაუთხოვარი ფეხმძიმე ქალის შესახებ, რომელმაც ორსულობის 9 თვის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება და დამცირება გადაიტანა. ბევრი ადამიანი უბრალოდ აბუჩად იგდებდა, ზემოდან უყურებდა, თუმცა ერთ დღესაც ის გადაეყრება დევიდს, ადამიანს, რომელიც მას დააფასებს და ასწავლის ,,სუნთქვის მეთოდს", რომლის საშუალებითაც იგი შეძლებს სტრესულ სიტოაციაში თავის კონტროლს. აღსანიშნავია  თვითონ ამ ქალის ჰეროიკული შემართება, რომლის ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა ერთადერთი რამ- მისი ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაბადებულიყო. მე არ გეტყვით საბოლოოდ ამ მოთხრობის დამაინტრიგებელი კულმინაციის შესახებ, რადგან მთელი ხიბლი სწორედ ამ ამბის დასასრულშია, თუმცა იცოდეთ, რომ ასეთი ფინალის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია.

საბოლოოდ მინდა ვახსენო ის მისტიური ბიბლიოთეკარი, რომლის ,,სამფლობელოშიც" იმართება ხოლმე ეს გასაუბრებები ტრადიციულად. ადამიანი, რომლის განკარგულებაში არსებული ნივთების ფირმები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს, ადამიანი, რომლის დაქვემდებარებაშია უსასრულო რაოდენობის ოთახები, თითქოს დრო, სივრცე და მატერია მის განზომილებაში არ არსებობს. ამ ყველაფრის მისტიურობისა და ბუნდოვანების შესახებ კი საკმარისია ამ დიალოგს მოვუსმინოთ, რომელიც დეივიდსა და ბიბლიოთეკარს შორის გაიმართა:
,,-მინდოდა მეკითხა თუ საიდან ჰქონდა მას ეს ყოვლად გაურკვეველი წარმომავლობის ნივთები, ან თვითონ ვინ იყო... თუმცა ძალიან კარგად ვიცი ვინც იყო, ერთი ნიუ იორკელი ადამიანი... თუმცა საით მიდოდა? რა იყო ის უსასრულობისა და არამიწიერი ძალის ენერგია, რომელიც მისი თვალებიდან გამოსჭვიოდა? და ბოლოს და ბოლოს, სად ვართ ახლა და ამჟამად? თუმცა ის თითქოს ელოდებოდა ამ შეკითხვას, დიაახ, ის ელოდა ამ ყველაფერს, ამიტომ მე უბრალოდ გავაღე პირი და ერთადერთი რამის თქმა მოვახერხე: კიდევ ბევრი ოთახია ამ შენობაში?
-დიახ, სერ, საკმაოდ ბევრი ოთახია, ძალიან ბევრი... იმდენად ბევრი, რომ ადამინიც შეიძლება დაიკარგოს, უფრო სწორად, უკვე დაკარგულა კიდეც... ხანდახან მეჩვენება, რომ ოთახებს დასასრულიც არ აქვს...
-მადლობთ სტივენს. კიდევ გაგრძელდება ამბების თხრობა?
-რა თქმა უნდა სერ, აქ ამბები არასოდეს სრულდება..."



ავტორი: გიორგი წერეთელი

Warhammer 40000 - სამყაროს ისტორია Vol.2


შორეული მომავლის ბნელ სისასტიკეში არის მხოლოდ ომი...

    მალე კ'ტანებმა ერთმანეთში ბრძოლა დაიწყეს როგორც შეჯიბრებისთვის, ასევე გართობისთვის. ელდარების მითები ამბობენ, რომ ცექორახმა მოატყუა კ'ტანი სახელით 'გვერძემდგომი' და ძმებს აუმხედრა. ომი საშინელი იყო, მთელი მზის სისტემები იწოვებოდა კ'ტანების მიერ შექმნილი შავი ხვრელებით. განადგურებული ქალაქების ადგილზე ახლები შენდებოდა, მაგრამ მალევე ნადგურდებოდა. კ'ტანები ერთმანეთს ანადგურებდნენ...
    ძველებს არ სძინავდათ. ასეთი არეულობის დროს მათ მოახერხეს და საოცარი ტექნოლოგიებით ჩამოაყალიბეს ახალი რასები, რომლებსაც ვარპთან ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდათ და იმატერიუმს შეუფერხებლად იყენებდნენ. ლეგენდის თანახმად ამ დროს შეიქმნენ პირველი ელდარები.


 ტალღა ბრუნდება
    ახალი რასები გალაქტიკაში გაიბნენ და ნეკრონების დანაწილებულ იმპერიას შეუტიეს. კ'ტანების მსახურების გამანადგურებელ ტექნოლოგიას ისინი ვარპული ძალებით უპირისპირდებოდნენ, რადგან უსულო ნეკრონებისთვის ფსიქიკური ჯადოქრობა ანათემა იყო. როგორი ძლიერებიც არ უნდა ყოფილიყვნენ კ'ტანების რკინის ლეგიონები ისინი ძველების და ახალგაზრდა რასების შეჩერებას ვერ ახერხებდნენ.
განადგურების რისკის წინაშე მყოფი კ'ტანები გაერთიანდნენ და შეადგინეს გრანდიოზული გეგმა, რომელიც მთელ მატერიალურ სამყაროს ვარპს მოსწყვეტდა. ამ პროექტის შედეგები ეხლაც შეიძლება ვიპოვოთ კადიაზე, სადაც დიდი პილონები ქმნიან მშვიდ გზას ტერორის თვალში. კ'ტანები შეუჩერებლად მუშაობდნენ, მაგრამ ათასწლეულის წინ ძველების მიერ შექმნილი ფსიქიკურად აქტიური რასები ნაკლები გამოვლინდა. მატერიალური ომი, განადგურება და სისხლისღვრა ვარპში ფსიქიკური ძალის საშუალებით გადადიოდა. ამდენი ემოციის ნაკრებმა იმატერიუმი შეძრა და მალევე უაზრო ფსიქიკური ენერგიები ვარპის საშინელ მტაცებლებად გადააქცია. მალევე მათ გაანადგურეს სუსტი ფსაიკერები და იმატერიუმი ქაოსის ტერიტორიად აქციეს.






დამმონებლების ჭირი
    ვარპის მტაცებლები შეუჩერებლად ეძებდნენ გზებს რეალურ სამყაროში. მათგან დასაცავად ძველებმა კიდევ ახალი რასები შექმნეს, რომლებშიც იყვნენ ტექნოლოგიური მიმიკი ჯოკაეროები, მწვანე კანიანი კრორკები, ახლანდელი ორკების წინაპრები, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ძველების ქსელში ხვრელები გაჩნდა, ამიტომ მათ თავიანთი ხელებით გაანადგურეს რამოდენიმე პორტალი, რადგან პლანეტები იმატერიუმის მცხოვრებლებისგან დაეცვათ.
    ყველაზე საშიშნი ვარპის არსებებიდან იყვნენ დამმონებლები. მათ შეეძლოთ სხვა რასების წარმომადგენლები დაემონებიათ და ფსაიკერების საშუალებით მატერიალურ სამყაროში პორტალები გაეხსნათ. მალე ძველების მიერ შექმნილი რასები საშინელი დამმონებლების მსახურები გახდნენ. ამან ძველების მმართველობა გალაქტიკაზე სამუდამოდ გაანადგურა. როდესაც ზეცაში ომი დასრულდა გალაქტიკა აპოკალიფსს მიუახლოვდა, როდესაც მატერიალურ სამყაროში დამმონებლების აურაცხელმა რაოდენობამ შემოაღწია.


 ნეკრონების დაძინება
    სადისტური სიამოვნებით უყურებდნენ ნეკრონები თუ როგორ ნადგურდებოდნენ ძველები. კ'ტანებმა დამმონებლებთან ომში წასვლას სიმშვიდე არჩიეს, ამიტომ ამ ვარპულ ჯადოქრებს გალაქტიკის დამონების ნება მისცეს. თვითონ კი უატმოსფერო, მკვდარ პლანეტებზე აკლდამები აიშენეს.
    თავიანთ მსახურებთან ერთად კ'ტანებმა ამ აკლდამებში დაიძინეს. სტაზის ველები გააქტიურეს და დამონტაჟებული პროტოკოლებით მხოლოდ მაშინ ჩაირთვებოდნენ, როდესაც პლანეტაზე ცოცხალ არსებები აღმოჩნდებოდა. კ'ტანების ამ საშინელმა გეგმამ აეონების შემდეგ, 41-ე ათასწლეულში იმოქმედა, როდესაც ადამიანების წინდაუხხედაობით ნეკრონები გაცოცხლდნენ. კ'ტანები აღფრთოვანდნენ გალაქტიკით, რომელიც სასიცოცხლო ძალით ფეთქავდა. ამდენი ომი მოსაგები, ამდენი სიცოცხლე გასანადგურებელი, ამდენი ცივილიზაცია დასანგრევი...

 ადამიანის ერა
    კ'ტანები და მათი მსახური ნეკრონები მილიონობით წლით გამოიკეტნენ აკლდამებში. უფრო მცირე რასებმა კი გამანადგურებელი ომის შედეგებიდან აღმოცენება დაიწყეს. ყველაზე დიდ შედეგს ელდარებმა მიაღწიეს, რომლების სატახტო პლანეტა ეხლანდელი ტერორის თვალში მდებარეობდა. მათ თითქმის სრულყოფილი იმპერია შექმნეს.
დედამიწაზე(მომავალში ტერაზე) ადამიანთა ცივილიზაციამ დაიწყო ზრდა. შორეულ მომავლამდე ჩვენი პლანეტის ისტორია 'სინამდვილეს' ემთხვევა.
    ტერას ანუ პროგრესის ერის დროს ადამიანებმა ახლომდებარე პლანეტების კოლონიზაცია დაიწყეს. ნელ-ნელა ყველასთვის შეუმჩნეველი რასა ვითარდებოდა...
მაგრამ თავის ტექნოლოგიურ ზენიტს ადამიანთა მოდგმამ ტექნოლოგიის ბნელ ერაში მიაღწია, როდესაც ჩვენმა რასამ ვარპის მანიპულაცია ისწავლა. შეიქმნენ პირველი ვარპული ხომალდები და ნავიგატორების დახამრებით მათ მატერიალური სამყაროს ბევრად სწრაფად გავლა დაიწყეს. ადამიანებმა მალე გალაქტიკის კოლონიზაცია დაიწყეს და ელდარების იმპერიას რამოდენიმე პლანეტით თუ ჩამორჩებოდნენ.
    მეცნიერება უფრო ღრმად წავიდა. შეიქმნა 'რკინის ხალხი', მოაზროვნე რობოტები, რომლებიც მალე თავიანთი შემქმნელების წინააღდეგ აჯანყდნენ. ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ძალიან დიდ ფასად. ამ შემთხვევის გამო ხელოვნური ინტელექტის შექმნა აიკრძალა. რკინის კაცების დამარცხების შემდეგ ადამიანების გაჭირდევაბ არ დასრულებულა. ადგილი იჩინა ფსიქიკურმა მუტაციებმა და უკონტროლო ფსაიკერები მთელს პლანეტებს იწირავდნენ. ხალხი იმ დონემდე მივიდა, რომ მცირედი ეჭვის ნიადაგზეც კი 'ალქაჯებს' ცეცხლს აძლევდნენ ან წამებაში ხდიდნენ სულს. თუმცა ადამიანთა მოდგმის ყველაზე საშინელი მომენტი 24-ე ათასწლეულში მოხდა. ელდარები კომფორტის და სიამოვნების იმ დონემდე მივიდნენ, რომ საერთო ემოციებით ვარპში ახალი არსება სლაანეში შექმნეს. სლაანეშის დაბადება საშინელი იყო. ფსიქიკურ კატაკლიზმში ელდარების იმპერიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. მათი სატახტო ქალაქის ადგილზე გაჩნდა ტერორის თვალი, პირდაპირი გზა არამატერიალურ სამყაროში. ასეთი ძალის გამოფრქვევამ ადამიანებში სრულიად გამოაღვიძა ფსიქიკური პოტენციალი. 'ალქაჯები' უფრო ბევრნი და ძლიერნი გახდნენ. ამის მეტიც, მთელი გალაქტიკა ვარპულ შტორმებში ჩაიძირა, რის გამოც პლანეტები ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდნენ. ადამიანთა მოდგმამ სიბნელის ხანაში შეაბიჯა. ყოფილი ადამიანთა ცივილიზაციის პლანეტები ბირთვულმა ომებმა გაანადგურეს, ზოგნი ქსენოსების ან ქაოსის მონები გახდნენ, ზოგმა აკრძალულ ტექნოლოგიებს მიმართა და ა.შ.


 იმპერატორი და ტერას დამორჩილება
    დედამიწა(ტერა) ასევე შინაგანი ომების ქაოსში ჩაეფლო. შეშლილი მეფეები, ამბიციური ჯადოქრები და ტექნო-ბარბაროსები პლანეტას შეუწყვეტელი ომებით ანადგურებდნენ. გამარჯვებული არავინ ჩანდა, პლანეტას კი სრული ამოწყვეტის საშიშროება ემუქრებოდა. ამ სიკვდილის და ომის ხანაში სხვა მმართველებს გამოეყო ერთი, ყველაზე ჭკვიანი და ძლევამოსილი. არსება, რომელიც მომავალში ადამიანთა მოდგმის იმპერატორის სახელით გახდება ცნობილი.
    საუკუნეების წინ დაბადებულმა და ადამიანთა რასის ჩუმმა კუსტოდიანელმა თავი გამოააშკარავა. მისი გენიით შეიქმნენ გენმოდიფიცირებული მეხის მეომრები, რომლის დახმარებითაც იმპერატორმა ომი დაიწყო. მეხის მეომრები, არიკ ტარანისის მეთაურობით ძლევამოსილ, შეუჩერებელ არმიას წარმოადგენდნენ. ტექნო-ბარბაროსები წკუტუნით იხევდნენ უკან, როდესაც რუხ ჯავშანში გამოწყობილი გოლიათები მათ ქალაქებს უტევდნენ. იმპერატორის პირადი ხელმძღვანელობით ტერაზე ყველა ტირანი დაემხო, ხოლო მეხის მეომრებმა თავი არარატის მთასთან, უკანასკნელი ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში გასწირეს.







ავტორი: EliasWar

12 December, 2014

Top 10 სისხლიანი ანიმე




   არსებობს ყველა ჟანრის ანიმე: ბლოკბასტერიდან დაწყებული, რომანტიკულით, კომედიურით თუ სპორტულით დასრულებული. მათ შორისა ასევე, საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია ფსიქოლოგიური ფილმები. მე პირადად, ხშირად მინახავს (და სიამოვნებაც მიმიღია) ფსიქოლოგიური დრამები, ტრაგიკომედიები თუ სხვა. 
     მოგეხსენებათ, საშიშ–ფსიქოპატურ ფილმებში, დიდი დოზით არის ძალადობა, სისხლი, უხამსობა თუ სხვა. მიუხედავად მძიმე სანახავისა, ასეთ ანიმებს არ აკლიათ მაყურებლები და მეტიც, ხშირად, სწორედ ასეთ ფილმებს აქვთ ისეთი ღრმა შინაარსის დატვირთვა, რომ დაკვირვებული ანიმე–მოყვარული მათგან ბევრ რამეს ისწავლის. მიუხედავად სიმძიმისა, გვიყვარს და მოუთმენლად ველოდებით ასეთი ანიმების გამოსვლას. 
    ამ პოსტში, მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი აზრით, ყველაზე სისხლიანი, ულმობელი, საშიში და არ ვიცი კიდევ როგორ ვთქვა, ანიმეები, რომლებიც შეგძრავთ (ან ღიმილს მოგგვრით, თუ თქვენ ფსიქოპატი/სადისტი ბრძანდებით). 

10. Devil May Cry 



    "ეშმაკს შეუძლია იტიროს" ანიმე, რომელიც დაფუძნებულია ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად, იგივე სახელწოდების კომპიუტერულ თამაშზე. ვიდეოთამაში გამოუშვა Capcom–მა Playstation2/3–ისთვის, 2007 წელს. 

    შეიძლება ითქვას, რომ ამ ანიმეში არ არის იმდენი სისხლი და ძალადობა, რამდენიც აქ ჩამოთვლილ სხვა ანიმეებში, თუმცა, ვთვლი, იმსახურებს სიაში მოხსენიებას, მითუმეტეს, რომ თამაში, გაცილებით მძაფრსიუჟეტიანია. 
    ეს არის სერიალი, რომელიც მოგვითხრობს, ერთ დემონზე, სახელად - დანტე, რომელიც ბედის ირონიით, დემონებზე მონადირედ მუშაობს. სერიების განმავლობაში, იგი ბევრ დავალებას მიიღებს, უწევს ერთდროულად იყოს გამომძიებელი, მკვლელი, ფსიქოლოგი, მცველი, თუმცა ამის მიუხედავად, მუდამ ფინანსურ კრახს ებრძვის. მას ეხმარებიან ტრიში და ლედი. საკმაოდ საინტერესოა, სქესთაშორის ჩახლართული ინტრიგები. აღსაღნიშნია მსუბუქი იუმორიც, რომელიც მალამოდ ედება, სუსტი ნერვების მქონე მაყურებელს გულზე. ბოლოს და ბოლოს, დანტე გიჟდება პიცასა და ნაყინზე, ამის შემდეგ, რამდენად შეუძლია მას იყოს ბოროტი გმირი?!

 bonus: AMV






9. Blood +


    ერთ–ერთი იმ ანიმეთაგან, რომელიც გამოჩნდა ამერიკაში, Cartoon Network–ის Adult Swim–ზე 2007 წელს და მოიპოვა საკმაოდ დიდი პოპულარობა ვამპირის ანიმეებში. 
    ისტორია მოგვითხრობს, ახალგაზრდა, საშუალო სკოლის მოსწავლე გოგონა საი–ზე, რომელსაც არაფერი ახსოვს თავის წარსულიდან. მისი მეხსიერება გაცოცხლდება მაშინ, როცა მას თავს დაესხმება chiropteran – შეშლილი ვამპირი. მალე ის აღმოაჩენს, რომ კატანა და ჰაჯი, მის განკარგულებაშია, რომ ის რჩეულია ყველა ვამპირის გასანადგურებლად. ასე და ამგვარად, იგი ემზადება დიდი სისხლიანი თავგადასვლებისთვის, რომ ებრძოლოს და დაამარცხოს chiropteran–ების დედოფალი დივა. 
   ეს ანიმე, დიდ სიამოვნებას ჰპირდება ვამპირების მოყვარულებს. მრავლად არის ძალადობა, სისხლიანი სცენები და ყველაფერი, რაც ფსიქოპატებს მოეწონებათ. 

bonus: AMV









      კლაიმორიც 2007–წლის ანიმეა. ეს არის ისტორია კლერის შესახებ, რომელიც ნახევრად ადამიანია და ნახევრად "იომა". იომა, ეს არის არსება, რომელიც იკვებება ადამიანის შინაგანი ორგანოებით. კლერი არის წარმომადგენელი გამორჩეული ჯგუფის, კლეიმორების წოდებით, ანუ ვერცხლისთვალიანთა ჯადოქრები, მათ მოსაკლავად კი საკმაოდ დიდი ჯილდოა დაწესებული. ერთხელაც, იომებზე ნადირობის დროს, კლერს მოუხდება რიკის კომპანიონობა, რის შემდეგაც, რიკი მისი მეგზური ხდება მთელი თავგადასავლების განმავლობაში. რიკი აღმოაჩენს, რომ ის ცდილობს შური იძიოს უცნობზე წარსულიდან. 

   ეს ანიმე დატვირთულია ექშენით და ისეთი სცენებით, რაც ნამდვილად უნიკალურს ხდის და მაყურებელს მოთხოვნილებას უტოვებს უყუროს მეტს და მეტს. 

bonus:AMV










     2004 წლის გაზაფხულს, Viz Media–მ გამოუშვა ეს ფსიქოლოგიურ–საშინელებათა ჟანრის ანიმე. შეიძლება ის არ არის ისეთი სისხლიანი როგორც აქ ხსენებულნი, მაგრამ ეჭვი არ არის, ესაა საოცრად შემაშფოთებელი და მძაფრსიუჟეტიანი ფილმი. 
     ისტორია მოგვითხრობს, დოქტორ ტენმას შესახებ, სპეციალისტისა, რომელმაც ერთხელ, სიკვდილისგან იხსნა ბიჭი, სახელად იოჰანი. ათი წლის შემდეგ, როდესაც ექსპერტ–ნეიროქირურგი ტენმა სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება ბოროტმოქმედებს, ჯანკერებს. და როდესაც ერთხელაც იუნკერებსაც უნდა დაეხმაროს, იგი ერთი–ერთ პაციენტზე შეხვდება მის ძველ პაციენტს. იოჰანი დახოცავს დამნაშავეთა ბანდას და გაიქცევა, ექიმი კი იწყებს მოგზაურობას მის მოსაძებნად. 
     სერიალს გააჩნია ისეთი მძაფრი სიუჟეტი, რომ იძულებულს გხდის არ გამოტოვო არცერთი სერია და მაშინვე უყურო შემდეგს, რადგან პაუზის ან გამოტოვების შემთხვევაში, ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს რაიმეს კარგავ. დიდი ისტორია, შემაშფოთებელი ნამიოკები, საკმაოდ დიდი დოზით ძალადობა და აი, "მონსტრი" ჩემს სიაშია. 

bonus: AMV






      შეიძლება გაგაოცოთ და მთელი ანიმეს ყურების განმავლობაში გაწუხებდეთ კითხვა, რა კავშირია სათაურსა და ამ სასტიკ პერფორმანსს შორის. იგი თავიდანვე მძიმედ იწყება, შებოჭილი, ლამაზი ქალის შიშველი სხეული, უცებ ბორკილები იხსნება და დაცვაც იხოცება, ამის შემდეგ კი არანორმალური სიმკაცრით, ჩანს როგორ უმკლავდება გოგონა მთელ რაზმს. ლუსი და ნიუ, ერთი და იგივე არსება განსხვავებული პიროვნებით. ლუსი არის დიკლონიუსი, გენეტიკური მუტანტი, რომელსაც გააჩნია რქები და უხილავი ხელები. ნიუ კი ბავშვური, საყვარელი ადამიანი, მაგრამ ვაი რომ სწორედ ამ საყვარელ გარეგნობაში იმალება მონსტრი. ანიმე გამოირჩევა არა მარტო ამ უბრალო გამოვლინებით, აქ გაცილებით მძიმე დანაშაულებიც შეგიძლია იხილო, როგორიცაა ცხოველებზე ძალადობა, ბავშვების მკვლელობა და ასე შემდეგ. თუ თქვენ სუსტი ნერვები გაქვთ, ან სულ ცოტათი მაინც ხართ ფსიქოლოგიურად ტრამვირებული, ნამდვილად არ გირჩევთ იხილოთ ეს ანიმე, ხოლო ვინც მართლაც რომ სისასტიკეს ეძებთ, ალბათ პირველ ადგილსაც კი იმსახურებს. 
       უნდა აღვნიშნო, მე პირადად ძალიან მომეწონა ბევრი დეტალი. მაგალითად, ძალიან სასიამოვნოა ანიმეს ოუფენინგი. (ლინკი) ასევე, გამაოცა გუსტავ კლიმტის ნახატების ხილვამ (შეგიძლიათ შედარებები იხილოთ აქ). წარმოუდგენლად ჩანს ასევე, ასეთი სისასტიკის შემდეგ ანიმეში ღრმა მორალულ ფილოსოფიურ ღირებულებათა ძიება, მაგრამ შინაარსი ნამდვილად აქვს. აქ ერთნაირადაა შერწყმული სილამაზე, სისასტიკე, ემოცია, სისხლი და ხელოვნება. 

bonus: AMV







     2005 წლის გაზაფხულს Geneon–მა გამოუშვა შეიძლება ითქვას ყველაზე სისხლიანი, ფსიქიკისთვის სახიფათო, ძალადობის ეპიკი ანიმე. ეს ისტორია ეხება ახალგაზრდა კეიტს, რომელიც ჩადის ქალაქ ხინამიძეში. 1983–წლის ივნისს, ის ხვდება გოგონების ჯგუფს. ისინი ერთად აღმოაჩნენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიური ფესტივალის დროს, ვიღაც კვდება. ამ საიდუმლოს ამოხსნაში სიკვდილი თავად პოულობს თითოეულს ყოველ კვირაში, კიდევ და კიდევ. ყველა ისტორიის არკაში, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე, სწორედ ამ სტრატეგიის წყალობით, ეს ანიმე ბევრ ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს მაყურებელს და კიდევ ერთხელ ვცდილობ მოგაშოროთ სუსტი ნერვების მქონე მაყურებლები ჩემს პოსტს. 
    პირადად ჩემი რეაქცია ასეთი იყო: "ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! რა ხდება?! რატომ ვუყურებ?! ო, ღმერთო ჩემო!"


bonus: AMV





4.Berserk



     Berserk–ის პროტოტიპი მანგა, პირველად 1988 წელს გამოჩნდა, ხოლო თვით ამ მანგის წარმოება 1990–დან დაიწყო, ეს ანიმე ყველაზე ძველია და შესაბამისად, გადაღების ხარისხითაც ცოტა ჩამოუვარდება სხვებს, მაგრამ სიუჟეტი და შინაარსი იმდენად ძლიერია, იაპონელმა რეჟისორებმა არ დატოვეს უყურადღებოდ და რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ აღადგინეს იგი. თავდაპირველად სერიალი იყო, თუმცა 2012 წელს გადაიღეს ახალი ფილმი, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე სერიას, ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, 2013 წლის აგვისტოში გამოვიდა მეორე ნაწილი, მესამე კი სულ ახლახანს, 2014 წლის აპრილში. ყველასათვის საინტერესო და მადის აღმძვრელია გატსის თავგადასავალი. 

     ეჭვი არ მეპარება, შეგაშფოთებთ (შეგაშფოთებთ რას ნიშნავს და.. ) და დაგაინტრიგებთ ცხედრისგან დაბადებული ბავშვის ისტორია, რომელსაც ყველა წყევლად თვლის და ერთადერთი კაპიტნის გარდა, ყველა მის მოკვლას ცდილობს. დაბადებიდან მეომრად გაზრდილ გატს, მთელი ცხოვრება ომი და უბედურება უწევს. მაშინ როდესაც გამოჩნდება გრიფინი, ერთ–ერთი ბანდის მეთაური, შუა საუკუნეების ელიტალური დაქირავებული რაზმიდან და გატსს საკუთარ მეგობრად გაიხდის, კიდევ ერთხელ აგოგმანდება თვითმმოძრავი ქვევრი და თავგადასავალი აქ დაიწყება. ტყუილი, ღალატი, სიხლი, ჯოჯოხეთი.. ჰომ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჯოჯოხეთში, სადაც თქვენი საუკეთესო მეგობარი ღმერთი ხდება და თქვენს სიყვარულს თვალწინ გიუპატიურებთ, თქვენ კი ეშმაკი გიჭერთ კბილებით.. თუ მზად ხართ დაიტვირთოთ ემოციებით და უგულშემატკივროთ ერთ–ერთ ყველაზე სისხლიან ანიმეს, ისღა დამრჩენია მოგილოცოთ პირველად ხილვის ბედნიერება. 

bonus: AMV






3.Hellsing




        შემდეგი პოპულარული ანიმე, სერიიდან: ვამპირები. ჰელსინგი დაიბადა Star–ის არხზე 2003 წელს. ისტორია მოგვითხორბს ალუკარდის შესახებ, ძლიერი ვამპირი, რომელიც სწორედ ვამპირების გამანადგურებელ კომპანიაში "ჰელსინგ" მუშაობს. ცოოტათი წააგავს კიდეც დანტეს. მასაც ორი დამხმარე ჰყავს, უოლტერი და სარა. თუმცა ჰელსინგის მოწინააღმდეგენი გაცილებით ძლიერი ორგანიზაციები, შეშლილი ბანდები და ვამპირებისგან დაჯგუფებული ნამდვილი რაზმები. გიწვევთ ვამპირების წვეულებაზე, მიირთვით ადამიანის, დემონის, სატანის, ვამპირის, მუტანტის, რისიც გენებოთ იმის სისხლი... 


bonus: AMV






2. Akame ga Kill





     მკვლელი აკამე, მისი მანგა პირველად 2010 წელს გაიყიდა, თუმცა ანიმე სულ ახლახანს, 2014 წლის ივნისში გამოვიდა. ისტორია ფოკუსირდება ტაცუმი–ზე, რომელიც ერთ–ერთი სოფლიდან მიემართება ქალაქში, რათა დაიცვას საკუთარი ქვეყანა. იქ კი შეხვდება ორგანიზაციას "night raid", აქ ბიჭს უწევს გადაწყვიტოს რა არის სამართლიანი და რა არა. საკუთარი თვალით ნახოს ლამაზ ნიღაბს ამოფარებული სადიზმის შედეგები და ბოლოს და ბოლოს შეუერთდეს რევოლუციურ არმიას. 

      ანიმე წინამორბეთან შედარებით, თითქოს არც ისეთი საშიში ჩანს, მაგრამ მე პირადად გაოცებული ვარ შემდეგი ნიუანსებით: პირველ რიგში, საყურადღებოა, ანიმეს ქვიოდეს მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახელი. ასევე დამატყვევა ინტრიგამ, როგორ შეიძლება მთავარი მოქმედი პირები ასე მალე და მოულოდნელად დაიღუპნონ, ასეთი არსად მინახავს. ამიტომაც დაიმსახურა მკვლელმა აკამემ ჩემი ყურადღება. სერიები ჯერ კიდევ გამოდის და თქვენი სადო–მაზოხისტური სიამოვნება შეგიძლიათ კვირაობით დაცდითაც მიიღოთ. 

bonus: AMV






1. Tokyo Ghoul





        ტოკიოს მონსტრი. 2014 წლის აღმოჩენა! მოგეხსენებათ 10 წელზე მეტია სერიალები Naruto, One piece, Bleach, Fairy tail, Hunter x hunter, არ კარგავენ პირველობას, ტოკიო გულმა კი გამოჩენისთანავე დაიპყრო amdb და არამარტო. იგი რეიტინგებში მესამე ადგილზე აღმოჩნდა და სულ ცოტათი ჩამოუვარდა Naruto–ს და One piece–ს (მე ვთვლი, რომ ასეთი შედარება არ უნდა გაკეთდეს, რადგან სხვადასხვა ჟანრია, თუმცა რადგან მაინც გადაწყვიტეს საერთო რეიტინგი შეედგინათ, one piece-ს პირველობას ნამდვილად ვერ წაართმევს... ჩემი აზრით...)

      "იყო ადამინი თუ იყო მონსტრი", "რომ იცხოვრო საჭიროა მგელი იყო, მგელზე უფრო მგელი", "თუ გაგარტყეს და შენ მეორე ლოყა მიუშვირე, შენ მოკვდები".. მინიშნებები, რომლებიც ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლაში ნამდვილ მხეცად გაქცევს. 
      ისტორიის დასაწყისში სცენარი ბანალურად ვითარდება, სულელ ბიჭს შეუყვარდება ლამაზი გოგონა, თუმცა ლამაზი დღის შემდეგ, მტერს... ისეთები ხდება.. ლამაზი გოგონა აღმოჩნდება გული, ანუ არსება, რომელიც ადამიანებით იკვებება. ინციდენტის შემდეგ გული იღუპება, კანეკის კი მის ორგანოებს გადაუნერგავენ, რის შემდეგაც ის ნახევრად ადამიანი და ნახევრად მონსტრი ხდება. გულების სამყაროში ლეგენდები დადის ცალთვალა გულის შესახებ, რომელიც სწორედ კანეკი აღმოჩნდება. მან უნდა გადაწყვიტოს, დარჩეს ადამიანად თუ იყოს ადამიანების მჭამელი. ანიმეს ინტრიგები, შთამბეჭდავია ნებისმიერი მაყურებლისთვის. პირველი სეზონის ბოლო სერია, ყველა კრიტიკოსის აღიარებით საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. მეორე სეზონი 2015 წლის გაზაფხულს გამოდის და მეც თქვენთან ერთად მოუთმენლად ველი. 

bonus: AMV





არ ვიცი რამდენად ითქმის, მაგრამ –  სასიამოვნო სეანსებს გისურვებთ ^^ 




ავტორი: გიორგი ხაბურძანია

11 December, 2014

8 წიგნი, რომლებსაც საფუძლად სოციალური მოძრაობები და პოლიტიკური რევოლუციები დაედო




რევოლუციები, სახალხო მოძრაობები, პატრიოტული სულისკვეთებით, თუ უბრალოდ მშიერი კუჭით აღძრული ხალხის მასა საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ აჯანყებია მდიდარ ფენას.

10 December, 2014

კაცი - რეი ბრედბერი


კაცი

კაპიტანი ჰარტი რაკეტის ლუქთან იდგა. ლუქი უკვე გაეღოთ.
-         რატომ არავინ მოდის? - იკითხა მან.
-         საიდან უნდა ვიცოდე, კაპიტანო? - მოესმა თანაშემწის, მარტინის ხმა.
-         და რა ადგილია ეს? - იკითხა კაპიტანმა და სიგარა გააბოლა. ანთებული ასანთის ღერი ღია ლუქში მოისროლა. ბალახს ოდნავ ცეცხლი მოეკიდა.


მარტინმა ცეცხლის ფეხსაცმლით ჩაქრობა სცადა.
-         არა! - უბრძანა კაპიტანმა. - დაე ენთოს. იქნებ,ამ შემთხვევაში მაინც გამოგვხედოს ვინმემ.
მარტინმა მხრები აიჩეჩა და ბალახს შეეშვა.
კაპიტანმა საათს დახედა...

Interstellar - მიმოხილვა



    ნამდვილად არ ვიცი, რით დავიწყო ჩემი შეხედულების წერა ამ ფილმის შესახებ. პირველად, ალბათ იმას ვიტყვი, რომ ვისაც ფილმმა აღტაცება მოჰგვარა, გირჩევთ, ჩაუჯდეთ კუბრიკის „კოსმიური ოდისეას“ ან ტარკოვსკის „სოლარისს“.

ესენი ცოტა სხვა დონეა. მაგალითისთვის სტანისლავ ლემმა,  სოლარისის შექმნისას ჯანმრთელობა ბევრად გაიუარესა ლეგენდალურ რეჟისორთან გაუთავებელი კამათისა და ჩხუბის გამო, იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თითოეულ დეტალს. „ოდისეა“ - აქ უბრალოდ რაიმეს თქმასაც ვერ გავბედავ... საინტერესოა, ექნებოდა თუ არა ასეთი მაღალი რეიტინგი და ასეთი გამოხმაურება ინტერსტელარს, ფილმი რომ სხვა, ნაკლებად გაპიარებულ რეჟისორს გადაეღო და არა ნოლანს? ალბათ ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. კრისტოფერ ნოლანმა თავისი საქმიანობით ყველას დაანახა, რომ 21-ე საუკუნის რეჟისორებში ერთ-ერთი მოწინავე პერსონაა. „ინსომნია“, „მემენტო“, „დასაწყისი“ ჩემი ფავორიტი ფილმების რიცხვში შედიან. შეიძლება ითქვას, რომ ველოდი მორიგ შედევრს პატივცემული რეჟისორისგან. თუმცა... „ნე ტუტ ტო ბილო“... ჩემ და გასაკვირად „ინტერსტელარმა“ არა თუ იმედი გამიცრუა, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მომეწონა.

    ძალიან უბრალო სიუჟეტი, პრინციპში ფილმის ტრეილერშიც გასაგები იყო თუ რა მოხდებოდა თითქმის სამ საათიან ფირში. დედამიწაზე ბუნებრივი კატასტროფა მძვინვარებს. მარტივად, შიმშილია. მაგრამ ნასას საკუთარი გეგმა აქვს, ახალი სახლი უნდა გვიპოვოს მოკვდავებს და აგროვებს „მაშველების“ რაზმს, მეტიუ მაკკონაჰის მეთაურობით.

    ერთ-ერთი მთავრი ნაწილი ფილმისა: მამა-შვილის ურთიერთობა და უბრალოდ, ადამიანის - მიწისადმი, მისი სახლისადმი. სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ეს ფილოსოფიური ნაწილი მომეწონა მთელ ფილმში. განსაკუთრებით მოწოდება იმ აზრისა, რომ „ადრე ადამიანები ცაში იყურებოდნენ და იქ ეძებდნენ საკუთარ ადგილს, ახლა კი მათი მზერა მიპყრობილია ქვევით, ცდილობენ რა გადარჩნენ ამ სიბინძურეში“.

    მთავარი გმირი რთული არჩევანის წინაშე დგას. საკუთარი შვილების მომავალი დღე ადარდებს. (აქვე მინდა ბავშვებზე: რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერთს უპირატესობა ენიჭება მეორესთან მიმართებით.... ნოლანს ოჯახში პრობლემები ხომ არ აქვს ნეტა?) კუპერს ნასა გარანტიას ვერ აძლევს 1) ის სახლში დაბრუნდება; 2) გამოვა მილიარდობით ადამიანის გადასახლება სხვა პლანეტაზე. კუპერი, ხომ მარტო თავის შვილებს ვერ გადაასახლეებს არა?!... ეს არ ჯდება გმირის როლში, ზედმეტად ეგოისტურია.

    მხედველობაში არ ვიღებთ სამეცნიერო თეორიებს, ამ ტემპს რომ ავყევი კინაღამ ჩამეძინა. რა ვქნათ რიგითმა მაყურებლებმა, ვისაც ფიზიკაში და ასტრონომიაში სკოლაში ნიშნებს იმიტომ გვიწერდნენ რომ წყნარად ვიყავით, თავისთავად ვერ ვერკვევით კვანტურ მექანიკაში, ასტროფიზიკაში... აქ ჩემი აზრით დიდი როლი ითამაშა რეჟისორის ძამიკომ, ჯონათან ნოლანი ძალიან შეიჭრა პროფესორ კიპ თორნის ასტროფიზიკურ თეორიებში... ბლა ბლა ბლა!!!

    კარგი, ვთქვათ რომ ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა და ზოგიერთი „გრეხი მოსულა“ (მაგ: როგორ უნდა მივაღწიოთ სატურნამდე ორ წელიწადში). მაგრამ, მართლა რაც ვერ დავუკავშირე საღ აზრს ფილმში არის რაღაც უხილავი ძალა, რომლის ხელშიც არის ადამიანების გადარჩენის გზა და შესაძლებლობა. არაერთხელ ისმის კითხვა მთავარი გმირისგან - ვინ არიან ისინი? მართლაც, რომ ვინ არიან... ერთმანეთში არევა, სამეცნიერო მონაცემების და რაღაც ზებუნებრივი მოვლენების... ძალიან არასწორია. ფილმის ბოლოს გარკვეუწილად ახსნა იმისა, თუ ვინ არიან „ისინი“ კიდევ ერთი ცუდი მცდელობაა.

    ფილმის ბოლოს ბევრი კითხვა გაჩნდა. გაჩნდა, მაგრამ არა ისეთი რიტორიკული თუნდაც როგორც „დასაწყისში“ – „გაჩერდა ნეტა ბზრიალა, თუ აგრძელებს ისევ ტრიალს? გაიღვიძა კობმა თუ არა?“ ასეთი საიდუმლოებები, მხოლოდ სასიამოვნო ცნობისმოყვარეობით გავსებს და ასეთი ნოლანი გლიჯავს. ინტერსტელარში სხვა კითხვებია და ეს კითხვები უინტერესოა... რაღაცის თქმა უნდოთ, მაგრამ იბუქსავეს, ძალიან იბუქსავეს.

    ფილმის პლიუსია ციმმერის (ან ზიმმერის) მუსიკა, უხდება რაღაც ამბავში.

    ბოლოს მინდა დავასრულო ასეთი აზრით: არ ღირს ფილმების შერჩევა რეიტინგების მიხედვით, საქმე იმაში კი არ არის რა უნდა მოგვწონდეს, არამედ რაც რეალურად მოგვწონს იმას უნდა მივაწვეთ. პირადად ჩემთვის კოსმოსთან სხვა პლანეტებთან და მსგავს თემებთან დაკავშირებით შექმნილ ფილმებში დღესაც შეუდარებელია „კოსმიური ოდისეა 2001“ და „სოლარისი“, ასევე უსასრულო „გრავიტაცია“, მაგრამ არა იმიტომ რომ პატივს ვცემ კლასიკას (ნუ ასეც არის მაგრამ), არამედ კარგი კინო პირველ რიგში მასწავლებელია, რაღაცის გამსხნელია და მხოლოდ მერეა დროის გაყვანის საშუალება.




 ავტორი: უჩა ოშხნელი