დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

15 August, 2016

სკოტ ლინჩი - ლოკი ლამორას ტყუილები



სახელწოდება: ლოკი ლამორას ტყუილები
ავტორი: სკოტ ლინჩი
ციკლი: ჯენტლმენი ნაძირლები
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2006
შეფასება Goodreads-ზე: 4.29/5


ცეცხლი და მახვილი, მაგია და ჯადოქრობა, დრაკონები, ტროლები და გობლინები, სისხლიანი ორთაბრძოლები და წინასწარმეტყველებით განსაზღვრული მეფეთა ჯახი, - ეს იმ თემების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც მე-20 და 21-ე საუკუნის ფენტეზი ჟანრში ვხვდებით. შესაბამისად, დღესდღეობით უკვე ძნელადღაა წარმოსადგენია წიგნი, რომელსაც პრეტენზია აქვს იდგეს ჯორჯ მარტინის, გლენ კუკის, ანდჟეი საპკოვსკის და სხვათა გვერდით მასში გამოყენებული ტრადიციული რასების, მაგიის სისტემების და შუა საუკუნეების დროინდელი ფეოდალური ელემენტების გარეშე. თუმცა, არსებობს გამონაკლებიც და ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო გამონაკლისი ამერიკელი მწერალი სკოტ ლინჩია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი სერიის მოქმედება პოსტ რენესანსული ვენეციის ტიპის ქალაქ-სახელმწიფო, კამორაში გადაეტანა, მთავარ გმირებად კი ადგილობრივი ქურდები გამოეყვანა. 


"ლოკი ლამორას ტყუილები" - გაგიკვირდებათ და მთავარ გმირ ლოკი ლამორას შესახებ მოგვითხრობს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარიც ბოლომდე უცნობი რჩება. (თუ...???) წიგნი იწყება თავით სახელწოდებით - 'ბიჭი რომელიც ბევრ იპარავდა' და პირველივე თავში ვეცნობით პატარა ლოკის, რომელიც მასზე მაღლა მდგომ ჩინოვნიკთა ვაჭრობის უბიექტია და საბოლოოდ სხვა მისნაირ უპატრონოებს მამაო ჩეინსთან შეუერთდება. ჩეინი ბავშვების გარისტა, ანუ მეთაურია და გარდა მათი აღმზრდელ-მასწავლებლისა, უმაღლესი რანგის ქურუმიც არის, რომელიც მეცამეტე ღმერთს ემსახურება. ლინჩის სამყაროში ადამიანებს თორმეტი ღმერთის სწამთ, ჩეინსის თქმით კი არსებობს მეცამეტეც - ქურდების ღმერთი, რომელიც მათი მფარვალი იქნება. ლოკი ბავშვობიდანვე ითვისებს ქურდობის, მათხოვრობის და ყალთაბანდობის ტექნიკას და ყველასდა გასაოცრად უმაღლეს შედეგებსაც აღწევს. მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქურდობა იმდენად აქვს გასისხლხორცებული, რომ კამორას დაუწერელ კანონებსაც ხშირად არღვევს. ამ კანონებს კი ერთი მხრივ კრიმინალური დაჯგუფებები, მეორე მხრივ კი ქურდები და დიდგვაროვანი ფეოდალები ადგენენ. არსებობს ისეთი წესები, როგორიცაა, მაგალითად: 'არასდროს დაესხა თავს ყვითელპიჯაკიანს (აქაურ გვარდიელებს და მცველებს)', 'არასდროს მოიპარო მონიშნული ტერიტორიიდან' და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი 'მონიშნული' ფუნდუკში ხანძრის გაჩენით მთავრდება და ერთადერთი, რაც ლოკის სიცოცხლეს გადაარჩენს, ის არის, რომ ფერფლად ქცეულ შენობაში ვერავინ ხვდება ვინმემ თუ რამე მოიპარა.


საინტერესოა, რომ წიგნი ორ ძირითად კალაპოტს მიჰყვება. ერთი - აწმყო, უკვე გაზრდილი ლოკი თავის კოლეგა-მეგობრებთან ჯინთან, ტყუპებთან და 'ხოჭოსთან' ერთად, რომლებიც ხან ერთ ჰერცოგს ძარცვავენ და ხან მეორე ჰერცოგთან შეთანხმებით ნაცრისფერ მეფეს უპირისპირდებიან. ინტერლუდების სახით კი ლოკის ბავშვობაა მოთხრობილი. მომენტებში ლინჩი ოდნავ ზედმეტად მოწადინებულიც კია სრულად გაგვაცნოს ლამორას წარსული, რაც წიგნის მუხტს და ენერგიას ადგილ-ადგილ აგდებს, თუმცა შედეგად ვღებულობთ იდეალურად განვითარებულ სტრუქტურას და ლოგიკურად მიწყობილ სიუჟეტს. ლინჩი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი რომანია, არ ერიდება ისეთ საბედისწერო და მკაცრ ნაბიჯებს, როგორიც საყვარელი პერსონაჟების დახოცვაა და თან ამას იმდენად მოულოდნელად აკეთებს და ეპიზოდებსაც ისე სწრაფად და ტექნიკურად ცვლის, რომ გაბრაზებასაც ვერ ასწრებ. შინაარსობრივად, აშკარად იგრძნობა, რომ მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ატმოსფეროს და სიტუაციისა, ლინჩის მწერლობა განიცდის რობერტ ჯორდანის და ჯორჯ მარტინის გავლენას. მიუხედავად ამისა, ლინჩი მაინც იმ ახალგაზრდა ფანტასტთა რიგებშია, რომელსაც დღესდღეობით პატივცემული როტფუსი უდგას სათავეში და რომლებიც პირველ რიგში თავიანთი წერის სტილის მელოდიურობით გამოირჩევიან.


წერის სტილი იქეთ იყოს და სანამ მსუქანი კაცი იმას გადაწყვეტს, თუ როდის გვახაროს მეფის მკვლელის მესამე დღის შესახებ, თავს ტრადიციულად Goodreads-ის შეფასებებით ირთობს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ინტერესდება თანამედროვე ფანტასტებით. ლოკი ლამორას პირველი წიგნის შესახებ როტფუსი წერს:

"ადრე, მაშინ როცა პირველად გამომცეს, ხალხი ხშირად ავლებდა პარალელებს ჩემსა და სკოტ ლინჩს შორის. ძირითადად სენტიმენტალური შეფასებები ამგვარად გამოიყურებოდა - 'პატ როტფუსი ახალი სკოტ ლინჩია!'           
საქმე ის არის, რომ ლოკი ლამორას ტყუილები ჩემ პირველ წიგნამდე ზუსტად ერთი წლით ადრე გამოიცა და ესეც სკოტის პირველი რომანი იყო მის ფენტეზი სერიაში. მის მიერ დახატული სამყარო იყო ძალიან რეალისტური და მსუყე და თავისი სიკარგით ყველას ყურადღებას იქცევდა."  - შემდეგ როტფუსი ყვება თუ როგორ გაატარებინა უძილო ღამეები ლინჩის თხრობამ და როგორ მოეწონა ლამორას ისტორია. არც იმის თქმას თაკილობს თუ რა სხვაობაა მის და ლინჩის წიგნებს შორის, ბოლოს კი თავისებურად ასრულებს - "მოკლედ რომ ვთქვა: როცა პირველად გამომცეს, ცოტა არ იყოს გამაღიზიანა სკოტ ლინჩთან შედარებამ. ახლა კი ვხდები, თუ რამხელა კომპლიმენტი მიმიღია ამით."

გარდა უზადო ხელოვნებისა - მოატყუოს და გააცუროს ყველა და ყველაფერი, ლოკი ლამორა დიდებული მსახიობიცაა. ლინჩის სამყარო სავსეა მეჯლისებით, ბალ-მასკარადებით და ჭრელად მორთული ჰერცოგებით, ჰერცოგინებით და მათი საზეიმო მიღებებით. ამ შემთხვევაში ერთ დროს უპატრონო ლოკი, რომელიც ლუკმა პურის საშოვნელად კამორას ბინძურ ქუჩებში დარბოდა, ახლა ლუკას ფერვიტის სახელით წარმატებულად არის გარეული მაღალი წოდების ხალხში. 

მოკლედ, ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია - სავსე იუმორით, ინტრიგებით, ტექნიკურად გამართული სიუჟეტით და ფენტეზი ჟანრისთვის ძალიან განსხვავებული გარემოთი, რომელიც ძნელია, არ მოგეწონოს. ის ტკბილხმოვანება, რომელიც ლოკის ისტორიას თან სდევს, აუცილებლად საყვარელ პერსონაჟად გახდის ნებისმიერი მკითხველისთვის გაიძვერა ობოლ ლამორას.

ლინჩი ახერხებს ოსტატურად შერწყას წარსული არმწყოსთან, სიღარიბე სიმდიდრესთან, მკაცრი მორწმუნეები ერეტიკოსებთან და ეს ყველაფერი ჭკუით და ცხოვრებისეული სიბრძნით სავსე პერსონაჟებით წარმოადგინოს. 'ნაძირლების' სერია ერთ-ერთი მიმდინარე ფენტეზი ქრონიკაა, რომლის მეოთხე ნაწილიც სულ ახლახანს გამოვიდა და შეფასებებით უკვე გადაუსწრო წინა ნაწილებს. რაც ყველაზე საინტერესოა, პირველი წიგნი სრულდება მოქმედების ლოკაციის ცვლილებით და 'ნაძირლების' ღია ზღვაში გასვილთ. აქ კი უკვე მეორე წიგნი - 'წითელი ზღვა წითელი ცის ქვეშ' იწყება.






ავტორი: ირაკლი სულაძე





06 June, 2016

რობერტ სალვატორე - ბნელი ელფის ტრილოგია



სახელწოდება: ბნელი ელფის ტრილოგია ("სამშობლო", "გაძევება", "დროებითი სამყოფელი"
ავტორი: რობერტ სალვატორე
ციკლი: დავიწყებული სამეფო
ქვეყანა: ამერიკა
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 1990
შეფასებები Goodreads-ზე: 4.26, 4.24, 4.23



დიდი ხანია აღარაფერი დაგვიწერია და ახალი მიმოხილვისთვის რამე განსხვავებულის, შედარებით ნაკლებ ცნობილის და შინაარსით თავისებური რომანის არჩევს გვსურდა. ამასობაში, ხელში ჩაგვივარდა ამერიკელი ავტორის, რობერტ სალვატორეს "სამშობლო", რომელიც სხვადასხვა ენებზე სულ სხვა ტერმინებითაა თარგმნილი და ალბათ ეს სწორიც არის, თუმცა ზუსტი თარგმანი სწორედ ასეთია და ჩვენც მას მივყვეთ. საქმე ის არის, რომ ეს წიგნი არის დასაწყისი იმ ვრცელი და საინტერესო ამბისა, რასაც "დავიწყებული სამეფო" (Forgotten Realms) ეწოდება და რაც მთავარია, ეს არის პირველი წიგნი საქვეყნოდ ცნობილ ბნელ ელფზე, დრიცდ დ'უორდენზე და ამავდროულად "ბნელი ელფის ტრილოგიის" პირველი ნაწილი. ეს ტრილოგია კი თავის მხრივ სხვა სერიების პრიქველია. თუმცა, წიგნის მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ ის ბნელი ელფების რასის ერთგვარი ქრონიკაა და თუ ცოტა ხნის წინ მიმოხილულ "ელფებში" ბერნჰარდ ჰენენმა თეთრი ელფების რასა გაგვაცნო, აქ სალვატორე მათი ბოროტი ნათესავების და მათი დიდებული ქალაქის, მენზობერანზანის შესახებ გვიყვება.

ავტორი

რობერტ ენტონი სალვატორე 1959 წლის 20 იანვარს დაიბადა. ამერიკელი ავტორი ყველაზე ცნობილი ე.წ. დემონვორზის საგით გახდა. თუმცა, არანაკლები პოპულარობა მოუტანა დავიწყებული სამეფოს ნოველებმაც, სადაც პირველად გააცნო მკითხველს ბნელი ელფი დრიცთ დ'უორდენი. სალვატორე ავტორია ვარსკვლავური ომების თემაზე დაწერილი ნოველებისაც, მათ შორის - "ვარსკვლავური ომები: ჯედაის ახალი ორდენი". 2010 წელს ახალი კონტრაქტით სალვატორემ სავიწყებული სამეფოს ციკლის გაგრძელება იკისრა, ამის შემდეგ კი შექმნა ოთხ წიგნიანი "Neverwinter Saga", "Sundering", "Companions Codex", სულ ბოლოს კი "Homecoming"-ის ციკლში 2015-ში ჯერ "Archmage" გამოსცა, შემდეგ კი "Maestro", 2016-ში.


მისი წიგნები ხასიათდება კლასიკური ფენტეზის ელემენტებით, ტოლკინისეური რასებით, სხვადასხვა უნარებისა და შესაძლებლობის მქონე არსებებით, ბევრი ბრძოლით, სისხლისღვრითა და რაც მთავარია, მთავარ გმირზე ძირითადი აქცენტით გაკეთებით. თუკი სხვა ავტორები პერსონაჟთა ჯგუფებს ქმნიან და მათ სხვადასხვა ლოკაციებში, სხვადასხვა მიმართულებით ავითარებენ, ბნელი ელფის ტრილოგია თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულია დრიცთზე და მკითხველიც მხოლოდ მას უნდა მიჰყვეს, რადგან მისი ყველაზე ერთგული მეგობარიც კი, შესაძლოა შემდეგ გვერდზე გადაფურცვლისას ან რომელიმე მტარვალის სარს წამოეგოს, ან უბრალოდ თავად დრიცთმა გადაწყვიტოს, რომ ახლა გზის გაგრძელება ცალ-ცალკე სჯობს...



ბნელი ელფები

როგორც ვთქვით, ბნელი ელფის ტრილოგიის მთავარი მიღწევა ჟანრის სამსახურში სწორედ ის არის, რომ ყურადღებას ამახვილებს ერთ კონკრეტულ რასაზე (თავდაპირველად) და მხოლოდ მათი გაცნობის შემდეგ იშლება სიუჟეტი სხვადასხვა მიმართულებით. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სალვატორე ბნელი ელფის ტიპაჟის კლასიკურ გაგებას აღიარებს და არაფერ ახალს არ იგონებს. თუმცა, შეძლებისდაგვარად დეტალურად გვაცნობს მათ ყოფას, პრინციპებს და მისწრაფებებს. ბნელი ელფები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მათი დედაქალაქი კი ძლევამოსილი მენზობერანზანია. ამ ქალაქის სიდიადე ალბათ ის მომენტია, რომელსაც სალვატორე ყველაზე ლამაზად აღწერს პირველ თავებში და სწორედ ეს არის ის მიმზიდველი მომენტი, რაც მკითხველს პირველი წაკითხვისას ატყვევებს. უზარმაზარი სტალაქტიდები და სტალაგმიტები, ჩაბნელებული და მხოლოდ ფერმკრთალი ნათებით განათებული ქვაში გამოყვანილი დარბაზები, შიგადაშიგ დაბერილი ცივი ნიავი და მხოლოდ რამდენიმე ადგილზე მოჩუხჩუხე მიწისქვეშა წყლები. ეს ყველაფერი იმდენად სულისშემძვრელადაა დახატული, რომ არ შეიძლება, ამ სამეფოს მოწყობამ არ დაგაინტერესოს. სამეფო კი თავიდან ბოლომდე სისასტიკეზე, ფლიდობასა და ერთმანეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმაზეა აგებული. მიწისქვეშეთში რამდენიმე სახლი ბატონობს, რომლებიც შესაბამისი საფეხურებრივი დონით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქ დაშვებულია, რომ ერთ-ერთმა სახლმა სხვა რომელიმეს განადგურება, მისი მიწასთან გასწორება გადაწყვიტოს, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ამის შესახებ არავინ გაიგოს და შესაბამისად, მოწინააღმდეგე სახლის ყოველი წევრი, ბავშვიან-ქალიანად უნდა განადგურდეს, რადგან თუ არ დარჩება მოწმე ომისა, ეს ნიშნავს, რომ ომი არ ყოფილა.

ბნელი ელფები თაყვანს სცემენ ობობის დედოფალ ლოსს, რომელიც მათთვის ერთდროულად, უმაღლესი სუვერენიც არის, და მთავარი ღვთაებაც, რომელსაც თავისუფლად სწირავენ მსხვერპლს, მისი სახელით იწყებენ ომებს და მის სათაყვანებელ ანადგურებენ მეზობელ ქალაქებს. მენზობერანზანში არ არსებობს მორალისა და ღირსების გაგება. ზოგადი პრინციპების დონეზე, ნებისმიერს შეუძლია მოკლას, უღალატოს, გააცუროს გვერდზე მდგომი, თუკი ეს მისი პირადი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. აქ რიგითი მცხოვრების სიკვდილი ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც წვიმა, მიწისზედა სამეფოებში.


პერსონაჟები

და აი, როგორც წესი და რიგია, სწორედ ასეთ საზოგადოებაში იბადება ისეთი პერსონაჟი, რომელიც პირველად იჩენს მორალურ პრინციპებს და უჩნდება შეკითხვები, მისი ხალხის ჩვეული ყოფის საპირისპიროდ. არადა, დრიცთი შემთხვევით გადარჩა. მისი გადარჩენის საიდუმლო მოგვიანებით ირკვევა და ისიც, თუ ვინ არის მისი ნამდვილი მამა. მანამდე კი, დრიცთი იზრდება, იწვრთნება და ემზადება ღირსეული უფლისწულობისთვის. თავდაპირველად, მისი მომავლის შესახებ ბჭობისას გადაწყდება, რომ მისი უნარები უფრო მეტად მებრძოლისას ჰგავს, ვიდრე ჯადოქრის, შესაბამისად მის აღზრდასა და წვრთნას ხელს მოჰკიდებს ჯერ მისი და, შემდეგ კი სამეფოს რჩეული მებრძოლი ზაკნაფეინი, რომელიც აღმოჩნდება, რომ დრიცთის იდეების და შეხედულებების ფარულად გამზიარებელია, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგება დედა - მელისა, რომელიც ამავდროულად დ'უორენების სახლის მმართველია. საერთოდაც, ბნელ ელფებში მატრიარქატი ბობოქრობს და მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ქალები საშინლად გამაღიზიანებლად იქცევიან და სამეფოს საუკეთესო მებრძოლ კაცებსაც კი ჩალის ფასად თვლიან, მეორე და მესამე ნაწილებში ეს მდგომარეობა შემაწუხებელი აღარ არის. 

ტრილოგიის უმთავრესი და დრიცთის განუყრელი პერსონაჟია მაგიური პანტერა - გვენვივარი, რომლის 'გამოძახებაც' სპეციალური მაგიური მინიატურული ქანდაკებითაა შესაძლებელი. აქვე ნელ-ნელა ჩნდებიან და ქრებიან ორკები, მიწისქვეშა ჯუჯები, მათი ღირსეული და ბუზღუნა მეფე, მთავარი მებრძოლი, რომელსაც ბნელ ელფებთან შეტაკების შემდეგ ხელების ნაცვლად წერაქვი და ჩაქუჩი აქვს მიმაგრებული, აგრეთვე ბოროტი გნოლები, მთის გიგანტები და კიდევ ძალიან ძალიან ბევრი პერსონაჟი. ტრილოგიას კი ხურავს მიწისზედა ჯუჯების სამეფო, რომლის მთავარიც, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მამრობითი სქესის პერსონაჟია მთელ ტრილოგიაში.


დრო

ამ კომპონენტზე ზედმეტი ყურადღება ნამდვილად არ არის გამახვილებული, თუმცა რადგან ჰენენის ელფების მსგავსად მიმოვიხილავთ ამ ტრილოგიას, ორიოდ სიტყვა დროის განსაზღვრებაზეც შეიძლება ითქვას. ბნელი ელფები, მათი ნათესავების მსგავსად, ასწლოვანი ცხოვრებით გამოირჩევიან. მათ გააჩნიათ მაგიური შესაძლებლობები, რიგ შემთხვევებში მკვდრეთით აღდგენის უნარიც, თუმცა რეალურად ბნელი ელფიც იმგვარად კვდება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. განსხვავება ის არის, რომ ელფები, რომლებსაც სალვატორე აგრეთვე უწოდებს - დროვებს, ადამინებზე ბევრად კარგი მებრძოლები და ჯადოქრები არიან. დრო განსაკუთრებით ჩქარა გადის ტრილოგიის პირველ წიგნში, სადაც პირველ თავში დრიცთი ჯერ დაბადებულიც არ არის, შემდეგ კი მალევე გადის ჯერ 10 წელი, როცა ის მისი დის მზრუნველობის ქვეშ იზრდება, შემდეგ კიდევ 10, 20 და მეორე წიგნი კი უკვე ორმოცი წლის ახალგაზრდის ამბით იწყება. რადგან, ორმოცი წლის ბნელი ელფი, პრაქტიკულად გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანზე უფრო პატარაა. სხვათა შორის, როგორც კი ტრილოგიის დასკვნით თავებში ადამიანები აქტიურ პერსონაჟებად შემოდიან, სალვატორეც იმ საინტერესო პასაჟს ეხება, რაც ჰენენმა თავის ელფებთან განავრცო, თუმცაკი, მას საამისოდ იდეალური პერსონაჟი, ადამიანთა უკანასკნელი მეფე ჰყავდა. ასეთ ძლიერ კაცებს კი, სალვატორესთან ვერ ვხვდებით, თუმცა დრიცთის თვალით, ისიც საინტერესოდ აღწერს ამ რასას. რასას, რომლებიც ყველაზე უნდობლები და საშიშები არიან, თუმცა რომელთაც ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლიათ, რადგან მათი ცხოვრება ისეთივე ხანმოკლეა, როგორც რიგითი ბნელი ელფის მიერ მაგიის სკოლაში გატარებული დრო.


ფონი და მტერი

მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ ვკითხულობთ დრიცთის ჩანაწრებს აწმყოდან, მის მორალისტურ შეხედულებებს, მის მიერ მოწონებულ ჯუჯების ცხოვრების წესს, - დემოკრატიულ პრინციპებს, ურთიერთდახმარებასა და გუნდურ პრინციპებს, საერთო ჯამში ტრილოგიას მაინც ბრძოლის და სისხლიანი ცხელი მახვილის სურნელი გასდევს. თან, დრიცთს ასეთი მახვილი ორი აქვს. ის ჯერ თავისიანებს ებრძვის, შემდეგ მოწინააღმდეგე რასებს, ჭკუასუსტ გიგანტურ ქმნილებებს, თუმცა ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან აქვს და ხანდახან გამაღიზიანებელიც კია, მენზობერანზანის საუკეთესო მკვლელის მიერ წყლისა პირსა მჯდომი მოყმის როლში ყოფნა, თანაც საფიქრალ-სადარდებელი მრავალ თემაში, საბედნიეროდ, ქალი არსად ურევია. მავანი იფქრობს, რომ ამის მიზეზი მისი სასტიკი და/დედები და მენზობერანზანის მატრიარქატია, თუმცა ვინ იცის...

მიუხედავად ამისა, სამივე წიგნში იმდენად ბევრი საინტერესო თემაა გაშლილი, რომ ხანდახან გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მე-20 საუკუნის ომის შემდგომი პერიოდის რომანტიკულ დრამას კითხულობ და ცოტა არ იყოს, გავიწყდება კიდეც, რა საგმირო საქმეები აქვს ჩადენილი მთავარ გმირს თავისი ერთგული იარაღის დახმარებით.

ღირს?


სალვატორე არის ძალიან კარგი მთხრობელი, მას შეუძლია ჭიქის ქვეშ ჩასვას ორი ბუზი და მათი ცხოვრება იმპერიული ყოფის მსგავსად წარმოგვიდგინოს, გვაჩვენოს ბუზებს შორის დაპირისპირება, ერთმანეთის შეჭმის სურვილი და ყველაფერი ის, რაც ეპიკურ ფენტეზის ეპიკურად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგია სავსეა ამერიკული კლიშეებით და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დიდი დოზით სისასტიკისა, აქ მაინც ძალიან ბევრი "ნედ სტარკი" პერსონაჟია, თანაც ბევრ მომენტში სალვატორე ზოგან ჟანრის კლასიკური კანონების დაცვით, ზოგაც ან სიზარმაცით, ან ხუმრობით, ლამაზად, თუმცა შეუსხვაფერებლად იმეორებს ტოლკინს, ეს მაინც ის ტრილოგიაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, რადგან ავტორი ქმნის იდეალურ პერსონაჟს, რომელიც თანაბრად საყვარელია როგორც მორალისტი, ისე სამყაროზე გაბრაზებული მკითხველისთვის. დრიცთი ის მებრძოლია, რომელიც სჭირდება ნებისმიერ რასას, რათა თავდადება და ბრძოლისუნარიანობა ღირსებით შემოფარგლულ ჩარჩოებს არ გასცდეს.

ღირს, ნამდვილად ღირს, თანაც მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ძალიან ინდივიდუალური და თვითმყოფადი ტრილოგია, რომელიც გარდა ტიპური სისხლიანი სცენებისა, მკითხველს კლასიკური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი დამაფიქრებელ საუბრებსაც სთავაზობს. დრიცთი კი, უდავოდ ის კაცია, რომელიც ჯორჯ მარტინს რომ პირველ წიგნში ჰყოლოდა, ნედ სტარკზე ადრე მოკლავდა.







ავტორი: ირაკლი სულაძე

18 March, 2016

ელანტრისი - ღმერთების ქალაქი



სახელწოდება: ელანტრისი
ავტორი: ბრენდან სანდერსონი
ციკლი: ელანტრისი
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2005
შეფასება Goodreads-ზე: 4.14/5



თუკი დღეს რომელიმე ავტორის სახელი ეპიკურ ფენტეზის უკავშირდება, ეს პირველ რიგში ბრენდან სანდერსონია. კაცი, რომელმაც რობერტ ჯორდანის ლეგენდარული დროის ბორბალი დაასრულა და რომელიც ამ ეტაპზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია ახალი თაობის ეპიკურ მეზღაპრეებს შორის. მისი პოპულარობა ძირითადად სწორედ დროის ბორბალის ბოლო რამდენიმე წიგნმა, მისთბორნის ტრილოგიამ და აგერ, ახლახანს დაწყებულმა სამომავლოდ გამზადებული 10-წიგნიანი საგის პირველმა ორმა ნაწილმა (რომელსაც ქართულადაც მალე ვიხილავთ) განაპირობა, თუმცა პირველი ვრცელი რომანი, რომელმაც ახალგაზრდა ავტორს წარმატება მოუტანა, 2005 წელს გამომცემლობა "თორმა" გამოსცა და ამ რომანს "ელანტრისი" ჰქვია. ელანტრისი თავის მხრივ მხოლოდ მცირედით არის დაკავშირებული ავტორის სხვა რომანებთან და პრინციპში, მისი შემოქმედების პირველ სერიოზულ ნაშრომს წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით მანამდე გამოცემულ რამდენიმე მცირე ზომის მოთხრობას.

ელანტრისის სიქუელის გამოცემას მკითხველი დღემდე ელოდება, თუმცა როგორც ჩანს, ბრენდანი ზედმეტად გადატვირთულია მიმდინარე საგების წერით და თავისი პირველი პირმშოც ჯერჯერობით მივიწყებული ჰყავს. ზოგადად, წიგნი კლასიკური ეპიკური ფენტეზია, მცირედი პოსტ-აპოკალიპტური, დრამატული და შიგადაშიგ რომანტიკული ელემენტებითაც. მის შესახებ საუბრისას, კრიტიკოსები როგორც წესი პირველ პლანზე იმ ელემენტს აყენებენ, რაც სანდერსონმა თავის მთავარ ნიშადაც გაიხადა. ეს არის ძალიან ორიგინალური მაგიური სისტემა და ის მხატვრული სიმსუყე, რასაც სანდერსონი თავის შემდგომ ნამუშევრებში კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. თორემ, ეს რომ არა, წიგნს აშკარად ეტყობა დამწყები ავტორის ხელი და შიგადაშიგ სიუჟეტი ბანალურიც ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ელანტრისი მაინც რჩება აუცილებლად წასაკითხ წიგნების სიაში, როგორც საწყისი საფეხური დიდ და მშვენიერ "სანდერსონისეულ" სამყაროში.


წიგნი ეხება ქალაქს და მისი მთავარი გმირიც ქალაქია. ელანტრისი - ღმერთების ქალაქად იწოდებოდა და მისი სიმშვენიერე ყველას თვალს სჭრიდა. ელანტრისის უშველებელი კოლონები და ციხე-კოშკები ცის კაბადონს სწვდებოდა, მისი მაცხოვრებლები კი იმდენად დიდ სიმაღლეებს აღწევდნენ, როგორც სულიერი, ისე მატერიალურ-ტექნიკური განვითარებით, რომ დროთა განმავლობაში ისინი თავიანთ თავს უკვე ღმერთებსაც უტოლებდნენ, რამეთუ აღარაფერი იდგა ელანტრისელთა მაღლა და მალე მთელმა სამყარომ შეიცნო ელანტრისი - როგორც ღმერთების სამყოფელი. თუმცა, ჟამთასვლამ ღვთიურ ქალაქს განსაცდელი მოუვლინა და ეს განსაცდელი ერთგვარი სენი, დაავადება - შაოდი აღმოჩნდა. შაოდმა შთანთქა ქალაქი და მისი მცხოვრებლები, დაანგრია და გააჩანაგა ერთ დროს დიდებული შენობები და მალევე ელანტრისი მხოლოდ წარსულის დიდების ნაშთად იქცა. 

ელანტრისის გარდა წიგნს მეორე მთავარი გმირიც ჰყავს და ეს გმირიც ქალაქია. არელონი - ტიპური ეპიკური ციხე-ქალაქია, რომლის პრინციც პირველივე თავში ავადდება შაოდით. საქმე ის არის, რომ მამამისი, ანუ არელონის მეფე, როგორც წესი და რიგია, შვილის "ელანტრისელად" ქცევას საგულდაგულოდ მალავს და ხალხში ხმას ავრცელებს, თითქოს ის ავადმყოფობით გარდაიცვალა. თუმცა, საქმე ის არის, რომ დაავადებული ელანტრისელის მოკვლა შეუძლებელია. ის კარგავს თმას, გამძლეობას, სუსტდება და ნადგურდება, თუმცა არ კვდება. ყველა ამგვარ ინდივიდს არელონის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ელანტრისის ნასახლარში მიერეკებიან და საგულდაგულოდ შემოსაზღვრული კედლის მიღმა რეზერვაციაში ამყოფებენ. ასე და ამგვარად, ყველამ იცის, რომ ახლა ელანტრისში მხოლოდ ცოცხალ-მკვდარი ნახევრად-ადამიანები ცოცხლობენ, თუმცა არავის წარმოუდგენია, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდებული არელონის ტახტის მემკვიდრე, რაოდენია.


რაოდენის პერსონაჟი არის მთავარი რევოლუცია ელანტრისში. ის იწყებს მშიერი ელანტრისელების გონების კვებას და ცდილობს მათი ფსიქოლოგია შეცვალოს. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ისეთივე რთული აღმოჩნდება როგორც ახალი ქალაქის მშენებლობა, თუმცა დროთა განამვლობაში ელანტრისი ხელახლა იბადება და მისი მცხოვრებლებიც ივიწყებენ ისეთ მოთხოვნილებებს როგორიც შიმშილი და წყურვილია. ელანტრისი ემსგავსება იდეალური სოციალისტური წყობის საზოგადოებას. 

ფორმალურად სიუჟეტი სამ ხაზად იშლება. ერთი - ზემოხსენებული რაოდენის ელანტრისეული ცხოვრება, მეორე - მისი აწ "დაქვრივებული" მეუღლის (რომელიც არც კი ენახა თვალით, სანამ სენი შეეყრებოდა, თუმცა საქორწინო კონტრაქტი ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ქორწინებას მაინც კანონიერ ძალაში ტოვებდა), რომელიც არელონის გამოცოცხლებას და მისი ბელთაყვა მეფის აზრზე მოყვანას ცდილობს და მესამე - ფანატიკოსი რელიგიური ლიდერის, რომელიც მთელი რუდუნებით უმტკიცებს ხალხს, რომ ელანტრისელები ღვთის რისხვით დასჯილი ხალხია და რომ მათი ადგილი იმ დედამიწისეულ ჯოჯოხეთშია, რომელშიც ისედაც იმყოფებიან.

წიგნი თავიდან ბოლომდე ეძღვნება მდუმარებიდან, სიჩუმიდან და უმოძრაობიდან გამოღვიძებას. ახლის შექმნისა და დაწყების სურვილს, ჩაკლული ენერგიის, სულისა და მონდომების ხელახლა გაღვივებას და ამ ყველაფრის სასიკეთოდ გამოყენებას. ელანტრისი ბრენდან სანდერსონის პირველი სერიოზული ნაბიჯია დიდ ლიტერატურაში და როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი გრძელი ბილიკის დასაწყისი აღმოჩნდა. ბრენდანი შესვენებას არ აპირებს; თანამედროვე ეპიკური ფენტეზის ხმალამოღებული რაინდი დღესაც დაუღალავად აგრძელებს ცდას იმისათვის, რომ მკითხველს თავისი ზღაპრული სამყარო შეაყვაროს. 
ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია....






ავტორი: ირაკლი სულაძე

19 February, 2016

DC Extended Universe-ის კინემატოგრაფია

The DC Extended Universe (DCEU) წარმოადგენს ამერიკულ მედია ფრენჩაიზს და ფიქციურ სამყაროს, რომელიც ორიენტირებულია DC-ის სუპერგმირების როგორც სოლო, ასევე - ქროსოვერ ფილმებზე. ფრენჩაიზის პროდიუსერია Warner Bros. Pictures. ამ პროექტის ფარგლებში პირველი ფილმი იყო 2013 წლის Man of Steel. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ვიხილავთ შემდეგ ფილმებს:

Batman v Superman: Dawn of Justice




25 მარტს, გოთემელი ბეტმენი, იმის შიშით, რომ სუპერმენის უკონტროლობამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს, სტუმრობს მეტროპლისს, რათა ამ უკანასკნელს „დაელაპარაკოს“, ამასობაში კი სცენაზე შემოდის მესამე მხარე ლექს ლუთორისა და დუმსდეის სახით.თავდაპირველად, ფილმი დაანონსდა San Diego Comic-Con International-ზე, Man of Steel-ის გამოსვლის შემდეგ. 2013 წლის ივნისში ზაკ სნაიდერმა და დევიდ გოიერმა დაიწყეს პროექტზე მუშაობა. Batman v Superman: Dawn of Justice იქნება Man of Steel-ის გაგრძელება და ბეტმენის ფრენჩაიზის რებუთი,ასევე, პირველი ლაივ-ექშენი, რომელშიც ერთად გამოჩნდება ბეტმენი, სუპერმენი, ვანდერ ვუმენი, აქვამენი, ფლეში და საიბორგი.

Suicide Squad

5 აგვისტოს თვითმკვლელთა რაზმს - პატიმრობაში მყოფი ცუდი ბიჭები და გოგონების ჯგუფს, შეწყალების სანაცვლოდ, საიდუმლო სახელმწიფო უწყებააგზავნის სახიფათო მისიაზე. ფილმში გამოჩნდებიან ისეთი ვილანები, როგორებიცაა Deadshot, Diablo, Rick Flag, Boomerang, Killer Croc, Slipknot, Enchantress, და წყვილი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება მაყურებელი, Joker და Harley Quinn. 

Wonder Woman



2017 წლის 23 ივნისს ეკრანებზე ვიხილავთ ამაზონის პრინცესას, უკვდავ, ნახევრად ქალღმერთს და ზევსის ქალიშვილს -ვანდერ ვუმენს. როგორც ჯეფ ჯონსმა, DC-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ის „საუკეთესო მებრძოლია“ DC-ის სამყაროში და იმსახურებს სოლო ფილმს. ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2015 წლის ნოემბერში. 

Justice League - Part 1

2017 წლის 17 ნოემბერს, საბოლოოდ ვიხილავთ DC-ის ერთ მხარეს მდგომ სუპერგმირებს.

The Flash






ლაბორატორიაში მუშაობისას ელვის დარტყმის შედეგად მსოფლიოში უსწრაფესი ადამიანის სოლო ფილმის პრემიერა 2018 წლის 23 მარტს შედგება. ფლეშს ითამაშებს მსახიობი ერზა მილერი.

Aquaman

2018 წლის 27 ივლისს დიდ ეკრანებზე ვიხილავთ ჯეისონ მომოას მიერ განსახიერებულ არტურ კარს - ნახევრად ადამიანს, ნახევრად ღმერთს და ზღვის სამყაროსთან მოლაპარკე აქვამენს.

Shazam



ბილი თინეიჯერია, რომელიც სუპერძალებს მომაკვდავი ჯადოქრისგან მიიღებს. როცა ის წარმოთქვამს სიტყვას „შაზამ“, მაშინ 2019 წლის 5 აპრილს კინოთეატრებში ბილი მოგვევლინება სუპერგმირად. მისი მოწინააღმდეგე კი დუეინ ჯონსონის მიერ გაცოცხლებული შავი ადამი იქნება

Justice Leagure - Part II



Warner Bros ერთ „სამართლიანობის ლიგაზე“ ვერ ჩერდება და 2019 წლის 14 ივნისს მეორე ნაწილით ბრუნდება.

Cyborg


















მსახიობი რეი ფიშერი ითამაშებს სპორტსმენ ვიქტორ სტოუნის როლს, რომელიც უბედური შემთხვევის წყალობით, ახალ... კიბორგულ სხეულში ამოყოფს თავს. საიბორგის რისხვას კი კინოთეატრებში 2020 წლის 3 აპრილს ვიხილავთ.

Green Lantern Corps



მწვანე ლამპარი უერთდება გალაქტიკური მართლწესრიგის დამცველთა ორდენს, რომელმაც ის მაგიური ბეჭდით დააჯილდოვა. მწვანე პოსტერებით აჭრელებულ კინოთეატრებს კი 2020 წლის 19 ივნისს უნდა ველოდოთ.

The Batman


პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცაშავი რაინდის აღზევებას კვლავ ვიხილავთ 2020 წლის ზაფხულის შემდეგ.



ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

08 February, 2016

ორიოდ სიტყვა დედპულზე



რობ ლიფელდისა და ფაბიან ნისიეზას მიერ შექმნილი დედპული პირველად 1991 წელს გამოჩნდა. ლიფელდის განცხადებით, მას ყოველთვის მოსწონდა სპაიდერმენის კოსტუმის სიმარტივე, ამიტომ დედპულის კოსტუმიც იმავე სტილში შექმნა, რაც შეეხება პერსონაჟის იდეას, დედპული წარმოადგენს DC-ის პერსონაჟის Deathstroke-ის პაროდიას, ხოლო სახელი დაერქვა ბინძური ჰარის 1988 წლის ფილმის „The Dead Pool“-ის მიხედვით.

დედპული არ არის სუპერვილანი, დედპული არ არის სუპერგმირი, ის უბრალოდ... დედპულია, რადგან გმირი არის ის, ვინც აკეთებს კარგ საქმეს მორალურად და ეთიკურად მისაღები მოტივებითა და მეთოდებით (მაგ. სუპერმენი); ვილანი არის ის, ვისაც აქვს ბოროტი მისწრაფებები და იყენებს შესაბამის მეთოდებს (მაგ. თანოსი/დარკსეიდი); ანტიგმირი არის ის, ვისაც ამოძრავებს სამართლიანი და კეთილი მიზნები, თუმცა იყენებს მორალურად საეჭვო მეთოდებს (მაგ. სამურავი, დამსჯელი და ა.შ.). ვერც ერთ კატეგორიაში დედპული ცალსახად ვერ ჯდება (ყველაზე მეტად მაინც ბოლო კატეგორიას შეესაბამება). თუ გმირი ყველაფერს გააკეთებდა, რათა დაეცვა უდანაშაულოთა სიცოცხლე, დედპული კლავს მათ, რომლებსაც „ვარსკვავური ომების“ პრიქველი ურჩევნიათ მის ორიგინალ ნაწილს, ან ვისაც არ უყვარს ჩიმიჩანგა, ან ვინც, უბრალოდ, იმავე ადგილზე აღმოჩნდა, სადაც დედპულია. თუ გმირებს უნდათ შურისძიება ან სამშობლოს კეთილდღეობა, დედპული ჩალიჩობს გოგოებზე, უაზრო რაოდენობის ფულზე და იმ წარსული ცხოვრების გაგებაზე, ვიდრე კიბოთი დაავადებული ფსიქოპათი მუტანტი და სუპერიარაღი გახდებოდა.

დედპულმა იცის, რომ კომიქსის პერსონაჟია. ის არღვევს ე.წ. მეოთხე კედელს (წარმოსახვითი ბარიერი ფიქციურ (კომიქსების) და რეალურ (მკითხველის) სამყაროებს შორის) და ეს შესაძლებლობა გამოყენებულია იუმორისტული ეფექტის შესაქმნელად. დედპული ამ უნარს იყენებს მტრებზე ინფორმაციის შესაგროვებლად. ამ მიზნით, ის კითხულობს კომიქსების წინა ნომრებს თავის თავზე და თავის მტრებზე. დედპულმა ასევე იცის, რომ მის შესახებ არსებობს ვიკიპედიის სტატია და იმედი აქვს, რომ ფანები ხშირად განაახლებენ მას.

დედპულს აქვს დაჩქარებული განკურნების უნარი - უჯრედების გაძლიერებული რეგენერაცია მას იცავს ფიზიკური დაზიანებებისგან, თუმცა, პარალელურად, ეს იწვევს მენტალურ არასტაბილურობას და ფსიქოზს, რადგან, გაძლიერებული რეგენერაცია მოქმედებს მისი ტვინის უჯრედებზე. ასეთი ფსიქიკური მდგომარეობა მას აქცევს ყველაზე მოუხელთებელ მეტოქედ, რადგან ის არაპროგნოზირებადია, არ/ვერ მოქმედებს ლოგიკურად. მაგალითად, Taskmaster-მა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგის საბრძოლო სტილის კოპირება ფოტოგრაფიული მეხსიერებისა და დაკვირვების შედეგად, ვერ შეძლო დედპულის ქაოტური და იმპროვიზებული მოძრაობების კოპირება.



დედპული ასევე ცნობილია მისი გაუჩერებელი და ტვინისმბურღავი საუბრით, რის გამოც ზედმეტსახელად მიიღო Merc with a Mouth. როგორც დომინომ აღნიშნა: „ყოველთვის მავიწყდება (ან ვივიწყებ, რათა აგონია ავიცილო), რომ ვილსონის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი... მისი პირია! ის გელაპარაკება სისულელეებს, სანამ არ დანებდები ან თავს არ მოიკლავ“. ყველაფერთან ერთად, დედპული მორალისტია, რაც უჩვეულოა დაქირავებული მკვლელისთვის, თუმცა, როგორც Archangel ამბობს, მას არასდროს არც ერთი ჩეკი არ გაუნაღდებია.

რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, დედპული ომნისექსუალია (ომნისექსუალიზმი ჰგავს ბისექსუალიზმს, თუმცა თუ „ბი“ ნიშნავს „კაცს და ქალს“, „ომნი“ გულისხმობს „ხან კაცს, ხან ქალს“). ტვინის უჯრედების გაძლიერებული სინთეზის გამო, მისი სექსუალური ორიენტაცია დროის კონკრეტულ მომენტში სხვადასხვაა. ნისიეზას განცხადებით, მკითხველს ხშირად უნდა, რომ პერსონაჟი „მისი საკუთარი“ გახდეს, დედპულის ცალსახა სექსუალურ ორიენტაციას კი შეიძლება ამაში ხელი შეეშალა. დედპული გამართულად ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე. დედპული არის ბოვინოფობი, ანუ მას ეშინია ძროხების (თუმცა, მისი ყველაზე დიდი შიში მარტოობაა). მენტალური მდგომარეობის გამო, დედპულს არ შეუძლია წარსულის გახსენება. ამით მანიპულირებს მარველის ბევრი პერსონაჟი და აყალიბებენ თავიანთ ვერსიებს მისი ვინაობის შესახებ. მაგალითად, ლოკი ამტკიცებდა, რომ იყო დედპულის მამა. გარდა ამისა, დედპული ამაყობს იმით, რომ მან გატეხა ვულვერინის ტამბლერის ექაუნთი და ნანახი აქვს ჯეკი ჩანის ყველა ფილმი.

2015 წლის ბოლოს დედპული სუპერპოპულარული გახდა მასზედ გადაღებული ფილმის დაანონსებით, რომელიც სულ ცოტა ხანში გამოვა კინოთეატრებში. ფოქსმა გვარიანი ინვესტიცია განახორციელა ამ პროექტში და ფანებსაც ერთი სული აქვთ, ეკრანებზე იხილონ ენაწყლიანი და ფსიქიკურად არამდგრადი გმირი. თუმცა, დედპულის წარსული იმდენად უცნაური, ექსცენტრიკული და არანორმალურია, რომ მისი რომელიმე ნაწილის იმ ფორმით ეკრანიზაცია, რომ მაყურებლები მოიზიდოს, ან შეუძლებელია, ან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მისი წარსული და თავგადასავლები იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ფილმის ტრეილერიდან ჩანს. გთავაზობთ რადენიმე მათგანს:

DEADPOOL KILLS THE MARVEL UNIVERSE



ეს სათაური არც გონებამახვილური მეტაფორაა და არც ყურადღების მისაქცევი მარკეტინგული სვლა. ამ სერიაში დედპული გენოციდს უწყობს მარველის სამყაროს და მის თითქმის ყველა ნაცნობ თუ უცნობ პერსონაჟს კლავს. დედპული, წლების განმავლობაში, ნელ-ნელა დაშორდა ტიპური სუპერვილანის კონცეფციას და იქცა მარველის კოლორიტ ანტიგმირად. ის დაქირავებული მკვლელია. მას ფულს უხდიან და ისიც კლავს, რაც აშკარად არ არის პროტაგონისტული საქციელი, თუმცა, სუპერვილანის ცნებაშიც ვერ ჯდება. ამას ემატება დედპულის ფსიქიკური არამდგრადობის ფენომენი.

სერია იწყება ფანტასტიკური ოთხეულის სიკვდილით და დედპული ხდება უკონტროლო. რატომ მოუნდა მას, რომ მარველის მთელი მოსახლეობა გაეწყვიტა? იმიტომ, რომ შეშლილია. მისი განკურნების მცდელობისას, იქს-ადამიანებმა ის გადასცეს ექიმად შენიღბულ Psycho-Man-ს, რომელმაც კიდევ უფრო გააგიჟა დედპული. ამის შემდეგ დედპულის მოქმედებებს მხოლოდ ერთი ფრაზა წარმართავდა - მოკალი! თუმცა, დედპული კრეატიულია, ის მკვლელობის ბანალურ ხერხებს არ ირჩევს. მაგალითად, როგორ უნდა მოკლა ლიუკ ქეიჯი, რომელსაც შეუღწევადი კანი აქვს? დედპული იღებს პიმის ნაწილაკებს (ეს ის ნაწილაკებია, რომლითაც ანტმენი ზომას იცვლის), აპატარავებს ბომბებს, მათ აგდებს ლიუკის ყავაში და ააქტიურებს მას შემდეგ, რაც ლიუკი ყავას დააგემოვნებს.

საბოლოოდ, მარველის სამყარო გმირებისგან დაუსახლებელ და უფრო სისხლიან ადგილად იქცევა. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ვერასდროს/არასდროს გახდება შესაძლებელი ამ სერიის ეკრანიზაცია: არავის უნდა ნახოს, როგორ უმოწყალოდ და შეუბრალებლად იხოცებიან საყვარელი გმირები. ამაზე დიდი პრობლემაა პროექტის ლოჯისტიკა და ამდენი გმირის ერთ ფილმში თავმოყრა, რადგან მათი საავტორო უფლებები, მარველი წყალობით, სხვადასხვა კინოკომპანიებშია მიმოფანტული. გარდა ამისა, მარკეტინგული პერსპექტივიდან, თუ ყველა გმირი მოკვდება და რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა ახალი ფილმი რომელიმე მათგანზე, ის სავარაუდო ფინანსური კრახისთვისაა განწირული, თუ, რა თქმა უნდა, არ დაიწყება ალტერნატიული რეალობების პოპულარიზაცია. თუმცა, მაყურებელთა უმრავლესობაში ეს უკმაყოფილებას და გაუგებრობას გამოიწვევს.

DEADPOOL KILLUSTRATED



თუ მარველის ფანებს არ მოეწონებათ დედპულის მიერ მარველის მთელი სამყაროს „პირისაგან მიწისა აღგვა“, არც კლასიკური ლიტერატურის მკითხველებს მოეწონებათ ამ სერიაში განვითარებული მოვლენები. სერიაში დედპული აღმოჩნდება ახალი პრობლემის წინაშე - მხოლოდ ის ხვდება, რომ ის და მარველის დანარჩენი გმირები წარმოადგენენ კომიქსების ფიქციურ არსებებს. იმისათვის, რომ ბოლო მოუღოს აბსრურდულ მკლელობებს და გაცოცხლებებს, მან უნდა მოკლას თავად მხატვრული ლიტერატურა. ის თავს მოუყრის სუპერჭკვიან ვილანებს და შეადგენენ გეგმას, რაც გულისხმობს ყველა რეალობის მატერიაში მოგზაურობას და ლიტერატურის კლასიკის განადგურებას. თუ ისინი გააკეთებენ ამას, ვეღარაფერი შთააგონებს თანამედროვე მწერლებს და, შესაბამისად, ვეღარ იარსებებენ კომიქსების პერსონაჟები.

დედპულსაც მოსწონს გეგმა, ის გადადის მატერიაში და კლავს დონ კიხოტს და მობი დიკს, სანამ მიაკითხავს შერლოკ ჰოლმსს, დრაკულას, ტომ სოიერს, ქალთევზას, მაუგლის, ებენეზერ სკრუჯს და ა.შ.

ყველა ნაწარმოები, რომლებსაც დედპული ანადგურებს, საჯარო საკუთრებაშია, შესაბამისად, საავტორო უფლებები პრობლემა არაა, თუმცა, პერსონაჟთა მასიური გალერეის გამო თითქმის შეუძლებელია თითოეული მათგანის განვითარებისთვის საკმარისი ქრონომეტრაჟის გამონახვა. მაგალითად, დრაკულა და ტომ სოიერი ერთ ნარატივში ჯამში 5 წუთით? რა თქმა უნდა - არა.

DEADPOOL VOLUME 3 #1



სტენდაფ კომიკოსის ბრაიან პოსენის მიერ დაწერილი ეს სერია საშუალებას აძლევს დედპულს, ბოლომდე გამოიყენოს თავის იუმორისტული პოტენციალი. დედპულის ძველ კომიქსებს აქვს ერთი შესამჩნევი ნაკლი - ისინი არ არის იუმორისტული. მართალია, რომ კომიქსების მწერლები გონებამახვილები არიან, თუმცა არა კომიკოსები. პოსენის შრომის შედეგად კი დედპული ბრუნდება ინტენსიური ძალადობით და ბევრი სიცილით.

დედპულის პირველ თავგადასავალზე პოსენისა და შემოქმედებითი კოლექტივის პატრიოტულმა სულისკვეთებამ იმოქმედა და დედპული ამერიკის გაცოცხლებულ-გაზომბებულ პრეზიდენტებს ებრძვის. დედპული დენის დარტყმით მეტროში კლავს ფრანკლინ დელანო რუზველტს, ზოოპარკში სპილოსთან ერთად კლავს ტედი რუზველტს, ვერტმფრენის ფრთებით ნაკუწებად აქცევს ჯერალდ ფორდს და ა.შ. პლიუს ამას, შეუწყალებელი დედპული ნიქსონის ძაღლსაც ისტუმრებს საიქიოს.

საინტერესო და სახალისოა, თუმცა არის კი მზად ამერიკელი მაყურებელი, რომელიც უმოწყალოდ ხოცავს ამერიკის ყველა მკვდარ პრეზიდენტს? და ზოოპარკის ცხოველებს? და საბჭოთა კავშირის მექანიკურ მაიმუნებს? (თუმცა, ეს უკანასკნელი ამ მხრივ პრობლემას ქმნის).

SUPERMAN/BATMAN ANNUAL #1



სავარაუდოდ, ეს დედპულის მოღვაწეობის ყველაზე შთამბეჭდავი ნომერია კომიქსების ისტორიაში. თუ სათაური გაიაზრეთ, ალბათ მიხვდით, რატომ იქნება შეუძლებელი ამ სერიის ეკრანიზაცია. დედპული მარველის პერსონაჟია, სუპერმენი და ბეტმენი კი DC-ის. საინტერესოა, როგორ შეიქმნა ეს კომიქსი?

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დედპული გარკვეული პლაგიატის შედეგია. ზოგი არ აღიარებს, რომ არტისტმა რობ ლიფელდმა პერსონაჟი მოპარა DC-ს, სადაც ის ცნობილი იყო, როგორც Deathstroke. უჩვეულო ის არის, რომ მწერალ ფაბიან ნისიეზას, როცა მიხვდა, რომ ლიფელდმა პერსონაჟი მოიპარა, პროტესტი არ გამოუთქვამს და ფაქტს შეეგუა. ლიფელდმა კი სარკაზმსაც მიმართა და, Deathstroke-ის პატივსაცემად, რომლის სახელია სლეიდ ვილსონი, დედპულს დაარქვა ვეიდ ვილსონი. ეს საქციელი ტრაკში პანღურის ამორტყმის ტოლფასი იყო DC-თვის. DC ეს შეამჩნია, თუმცა შეეგუა.

SUPERMAN/BATMAN ANNUAL #1-ის 2006 წლის ნომერში, ჩნდებიან პოპულარული პერსონაჟების განზომილებათშორისი ორეულები, ხოლო Deathstroke-ის ორეული აშკარად ჰგავს დედპულს.

თავად SUPERMAN/BATMAN ANNUAL #1-ის მთლიანი ნარატივი ხარისხობრივად მოიკოჭლებს - ერთ ეპიზოდში სუპერმენს და ბეტმენს ერთ საწოლშიც კი ძინავთ. სერიის მთელი ხალისი არაოფიციალური დედპულის შემოპარვაა. ამ ყველაფრის გამო კი ცხადია, რომ დედპულის ეს თავგდასავალი ვერასდროს იხილავს კინოდარბაზებს.


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

- რა არის უბიკი?



   

სათაური: უბიკი
ავტორი: ფილიპ კ. დიკი
პირველი გამოცემის წელი: 1969
შეფასება Goodreads-ზე: 4.1/5


"...მეგობრებო, წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობთ ჩვენს ჩუმ, ელექტრულ უბიკებს. მაგრამ გახსოვდეთ: თითოეული უბიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით..." 


უბიკი ფილიპ დიკის მიერ შექმნილი რეალობაა, რომელიც უდავოდ ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება და რომლის მთავარი მოქმედებაც 1992 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაციაში მიმდინარეობს. წიგნის მთავარ გმირებს მისტერ გლენ რანსიტერის ასოციაციის თანამშრომლები წარმოადგენენ, რომლებიც ინერციალების სახელით არიან ცნობილი. ინერციალები ერთგვარი ზებუნებრივი შესაძლებლობის ადამიანებად ითვლებიან, თუმცა უბიკში ეს სულაც არ ითვლება ზებუნებრივად. სიუჟეტში მთავარი კვანძი იკვრება მაშინ, როდესაც ინერციალები მთვარეზე მომხდარი აფეთქების მსხვერპლი ხდებიან და ნელ-ნელა მათი ცხოვრების რეალობა დროსა და სივრცეში ირევა, კარგავს ბუნებრივი სვლის მიმართულებას და ეს ყოველივე ბოლომდე გაურკვეველი რჩება. (ანდა დიკისგან ეს რა გასაკვირია...)

მაგრამ, რა არის უბიკი?

"...უბიკი ხალხის რჩეული ლუდია, რომელიც მხოლოდ კლივლენდში მზადდება."

რანსიტერის ასოციაციის ხერხემალი მისი მთავარი გამომცდელი, ჯო ჩიპია, რომელიც თავის მხრივ, დიკის წიგნებისთვის დამახასიათებელი სიმშრალით და უბრალოებით ხასიათდება. მას არ ჰყავს მეგობარი ქალი, ნაკლებად ამოძრავებს კერძო ინტერესი, ვერ ახერხებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და საკუთარი ბინის ფასიანი კარისთვის გადასახდელი ხუთ-ცენტიანიც არ აქვს, რის გამოც კარმა შეიძლება სასამართლოში უჩივოს. მოკლედ, ჩიპი ტიპური 'მთავარი გმირის' ტიპის პერსონაჟია, რომელმაც საბოლოოდ სამყარო უნდა გადაარჩინოს, თუმცა უბიკის სამყაროს გადარჩენა არ სჭირდება, რადგან უბიკი...

"...მარტივია გამოსაყენებლად, არ ეკვრის ზედაპირს და მის სისუფთავეს ბზინვარებას სძენს. უბიკი დაგიზოგავთ დროს და დაგავიწყებთ სამზარეულოს გაუთავებელ ხეხვას. უბიკი სრულებით უსაფრთხოა ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაში. "



ჩრდილოეთ ამერიკის კონფედერაცია და პრინციპში მთელი მსოფლიოც, 1992 წელს უკვე ფასიან ტექნიკაზეა გადასული. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, - ყავის მოდუღება, კარის გაღება, შუაღამით მაცივრის სტუმრობა და შხაპის მიღება, შესაბამისად, 5, 10, 15, ან 40 ცენტი დაგიჯდებათ. გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენ კრედიტუუნაროს სტატუსს იღებთ და ეს სტატუსი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ. სხვათა შორის, სწორედ ამ პრობლემის წინ დგას ჯო ჩიპიც მაშინ, როცა ის ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მზვერავის, გ. გ. ეშვუდის 'ნანადირევს', ანტიტელეპათიური უნარის პატრონს, მოხდენილსა და კოხტას, შავგვრემან პატ კონლის გაიცნობს. პატის უნარი, ყველა სხვა ინერციალისგან განსხვავებულია იმ მხრივ, რომ მას შეუძლია გადაინაცვლოს წარსულის კონკრეტულ მომენტში და შეცვალოს მისი სვლა, მოახდინოს დროითი კონტინიუმის იმგვარი ცვლილება, რომ ამის შესახებ ვერავინ მიხვდეს. პატი კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია, რომელზე დაკვირვებაც ნამდვილად ღირს და რომელიც არც ერთ მომენტში არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მის ირგვლივ რაიმე სახის ზუსტად განსაზღვრული შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ.

დროდადრო (თუმცა ეს განსაზღვრებაც მთლად ზუსტი არ არის, რადგან 'დრო' უბიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ფეხქვეშ გათელილი კატეგორიაა) პატი ჯო ჩიპის ფინანსური გარანტი ხდება და მისი ფინანსური პრობლემებიც წარსულს ბარდება. არადა, ამის მიღწევა ჯოს სხვაგვარადაც შეეძლო, რადგან...

"...თუ ფინანსური პრობლემები გაწუხებთ, თქვენ უნდა ესტუმროთ უბიკის“ დაგროვებით-შემნახველ ბანკს. ის დაგეხმარებათ ვალებისგან გათავისუფლებაში..."




დიკი გვთავაზობს ფილოსოფიური დუალიზმის ახლებურ განსაზღვრებას. 90-იანებში ადამიანები უკვე იყენებენ მორატორიუმებს, სადაც შესაბამისი მომსახურების და გარდაცვლილის ცხედრის სამაცივრე სარკოფაგში მოთავსების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მისი ცერებრარული აქტივობის აღდგენა და ერთგვარი ნახევარ-სიცოცხლის შექმნა, რომლის პერიოდშიც მიცვალებულები ახლობლებთან კავშირზე გამოსვლის უნარს იძენენ. მორატორიუმი უზარმაზარ დერეფნებიანი ცივი შენობაა, რომელიც ერთი დიდი სარკოფაგია, სადაც ერთმანეთის გვერდით მოთავსებულ მკვდარ სხეულებს ეკრანზე გამოსახვის და მეტყველების უნარი აქვთ შერჩენილი. სხვათა შორის, მორატორიუმი ამ პერიოდში საკმაოდ მომგებიან საქმიანობად ითვლება და მისი მეპატრონე, ჰერბერტ შონჰაით ფონ ფოგელზანგიც საკმაო ფულს შოულობს. ამიტომ, მას არაფერში სჭირდება უბიკი.

ნახევრად-სიცოცხლე განსაკუთრებით საინტერესო და საშიში ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების შუაწელს შემდეგ, ჩვენ მას უკვე მეორე მხრიდანაც ვეცნობით. ანუ არა მორატორიუმის, სადაც ახლობლები თავიანთ მიცვალებულებთან კონტაქტს ამყარებენ, არამედ მეორე, მიცვალებულთა სამყაროს მხრიდან, სადაც თავის მხრივ, არავინ თვლის თავს მიცვალებულად და საბოლოოდ ჩნდება შეკითხვა - რომელი სიცოცხლეა რეალური? ის, სადაც უბიკი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, თუ ის, სადაც უბიკს თვით ბუნებრივ ხრწნადობასა და სიბერის პროცესზეც კი აქვს ბატონობა.
"...ჩვენი სურვილი იყო, თქვენთვის მოგვეწოდებინა ჯერაც არნახული საპარსი.                  ვთქვით, რომ დროა, მამაკაცის სახეს მეტი მზრუნველობით მოვეპყრათ. ვთქვით, რომ უბიკის მექანიკური, შვეიცარიული ქრომის უცვეთი პირების დახმარებით, ნაკაწრები წარსულს ჩაბარდა. სცადეთ უბიკი და თქვენ შეიყვარებთ მას.ყურადღება: გამოიყენეთ ფრთხილად, მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად..."


გეთანხმებით, ყველაფერი გაუგებარია. თუმცა, ათი ამდენი რომ წერო, მაინც ძნელი იქნება იმის გადმოცემა, რასაც დიკი ამ წიგნით ყვება. უბიკი 17 თავს შეიცავს და სანამ ბოლომდე ჩახვალთ, თავი შეიძლება 17-ჯერ დაკარგოთ. 17-ჯერ დაალაგოთ სათქვენო სცენარი და 17-ჯერ გასცეთ პასუხი შეკითხვას - რა არის უბიკი?

საერთო ჯამში, ეს არის ამერიკელი ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწარმოები, რომელზეც აშკარად ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი. ეს არის დიდი გამოცანა და ლაბირინთი, რომლის ამოხსნაც მხოლოდ უბიკის დახმარებითაა შესაძლებელი. თქვენ წინ გელით დაუჯერებელი მოგზაურობა დროსა და სივრცეში, სულის გამყინავი და გულის ამაჩქარებელი ცვლილებები პერსონაჟებსა და მათ მისწრაფებებში. ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი ვიკუნიას (ცხოველია ასეთი) ტყავის ტანსაცმლიდან პლატონის თეორიებამდე, ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებიანი იასამნისფერი მარკებიდან ფასიან მოლაპარაკე კარამდე. საბოლოოდ, თქვენ გაიგებთ, რა არის უბიკი, მაგრამ ეს შეკითხვა ბოლომდე შეკითხვად დარჩება, რადგან   "... უბიკის სახელი, რომელიც არავინ იცის, არასდროს ითქმის..."

და ეს მხოლოდ დასაწყისია.







ავტორი: ირაკლი სულაძე

12 January, 2016

რობერტ ჰაინლაინის „კარი ზაფხულში“

დროში მოგზაურობის მექანიზმის გამომგონებელმა პროფესორმა თავისი სტუდენტი ლეონარდ ვინსენტი 500 წლით დროში სამოგზაუროდ გაუშვა (წარსულში ან მომავალში).
* * *
ჰაინლაინის „კარი ზაფხულში“ ერთი ხელის მოსმით დაწერილი ნაწარმოებია. ამ ფაქტმა კი ნაწარმოების ორი შესამჩნევი მახასიათებლის სასიამოვნო სინთეზი შექმნა: მძიმე სამეცნიერო ფანტასტიკის ეს წარმომადგენელი სწრაფად იკითხება და მკითხველს დროში მოგზაურობის ფენომენის (ფსევდო)მეცნიერული ახსნა-განმარტებების გარეშეც არ ტოვებს. მიუხედავად სათაურისა, „კარი ზაფხულში“ არ არის ის წიგნი, რომელიც შეძლებს და, ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინის“ მსგავსად, წელიწადის ამ დროის მუდმივი თანამგზავრი გახდება მკითხველის ცნობიერებაში. სამაგიეროდ, წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია დაივიწყოთ კატა, სახელად პეტრონიუს არბიტერი, რომელიც... ეს კატა ცალკე აბზაცს იმსახურებს, ამიტომ ქვემოთ დავუბრუნდებით.

მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი Predestination, რომელიც ჰაინლაინის მოთხრობის All You Zombies-ის ადაპტაციაა, ფართო მასებმა იხილეს დროში მოგზაურობის თეორიული პრობლემები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე. „კარი ზაფხულში“ მიზნად არ ისახავს ასეთი პრობლემების კიდევ უფრო კომპლექსურ ილუსტრაციას ან განმარტებას (თუმცა, საინტერესოა „უგვირგვინო გენიოსი“ პროფესორის მიერ მონეტებზე და ზღვის გოჭებზე ჩატარებული ექსპერიმენტები). ნაწარმოებში დროში მოგზაურობა არის მთავარი გმირის პირადი პრობლემების მოგვარების საშუალება. 

რა მოხდებოდა, თუკი ვლადიმერ ნაბოკოვის ჰუმბერტ ჰუმბერტი ისეთ ხანაში იცხოვრებდა, რომ სადაზღვეო კომპანიები კრიოგენული გაყინვის მომსახურების შემოთავაზებას დაიწყებდნენ? მას აღარ მოუწევდა იმაზე ნერვიულობა, რომ ლოლიტასთან ურთიერთობა შეიძლება პედოფილიად შეერაცხათ. მთავარი გმირი, რომელიც თაღლითმა საცოლემ და არასანდო ბიზნესპარტნიორმა გაკოტრების მდგომარეობამდე მიიყვანეს, სწორედ ამ გზას მიმართავს, რათა მომავალში პატარა რიკისთან ერთად ცხოვრება შეძლოს. ასაკობრივად განსხვავებული ადამიანების ურთიერთობის პრობლემის მოგვარების ასეთი რიპ ვან ვინკლისეული მეთოდი ნამდვილად საინტერესოა, თუმცა თავად მეთოდი არასრულყოფილია.

მეთოდის არასრულყოფილება განპირობებულია იმით, რომ დროში მოგზაურობის უნარი არ არის მთავარი გმირის გენეტიკური ან ზებუნებრივი უნარი, როგორც, მაგალითად „პეპლის ეფექტში“ ან ოდრი ნიფენეგერის ნაწარმოებში „დროში მოგზაურის ცოლი“. ის დამოკიდებულია მეცნიერებაზე. კრიოგენული გაყინვა მომავალში მოგზაურობის პრიმიტიული საშუალებაა. მომავალში არსებული დროში მოგაზურობის მექანიზმი კი არ არის საკმარისად განვითარებული, რათა შეძლოს დროის მიმართულების განსაზღვრა (წარსული ან მომავალი). ჰაინლაინს დიდი დოზით მოუწია ფსევდომეცნიერების გამოყენება: მთავარი გმირი აწყობს საყოფაცხოვრებო საქმიანობის შემსრულებელ უნივერსალურ რობოტებს, ჰაინლაინი გვაწვდის მათი ტექნიკური აგებულებისა და სხვადასხვა მათემატიკური პრობლემების გადაჭრის გზას, მაგრამ ეს ყველაფერი არადამაჯერებელია, ზედმეტად მარტივია ჰაინლაინის სამყაროსთვის. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მძიმე სამეცნიერო ფანტასტიკის თეორემები ნაწარმოების მთავარი თემა არ არის. ეს რომანტიკული სამეცნიერო ფანტასტიკაა. 

ნდობის დაკარგვა ნაწარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემატიკაა. ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებით დეფიციტურია მომავალში - ავტომატიზებულ საზოგადოებაში. მთავარი გმირი აღარავის ენდობა, ის ხვდება, რომ „აზრი არ აქვს, რამდენჯერ დაიწვავ თითებს, ადამიანების ნდობას ვერ გაექცევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოქვაბულში მცხოვრებ განდეგილს დაემსგავსები, რომელსაც ცალი თვალით ძინავს“. მთავარმა გმირმა ბევრჯერ „დაიწვა თითები“, თუმცა ადამიანთა ნდობის იმედს მაინც არ კარგავს, ის ოპტიმისტია, რომელიც მომავლისკენ იყურება, უფრო სწორად წარსულისკენ, სადაც პატარა რიკი ელოდება, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ენდობა.

აქ კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ პეტრონიუსს, რადგან მთავარი გმირი მას ყველაზე მეტად ენდობა. პეტრონიუსი თავზეხელაღებული ცხოვრების მოყვარულია, უფრო სწორად, ასეთი ხდება, როცა აბრაზებენ. პატრონის ჩანთაში მოკალათებული, ჩუმად მიირთმევს ხოლმე სასადილოებში ჯანჯალაფიან ელს, „საუბრობს“ პატრონის პრობლემებზე, ორთაბრძლებში იწვევს კატებს და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებსაც, უცხო ადამიანებს, რომლებიც რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ. სწორედ პეტრონიუსი ეძებს კარს ზაფხულში, რადგან არ უყვარს თოვლი. 11-კარიანი ფერმის სახლის თითოეულ კართან იმ იმედით მიდიოდა, რომ, მიუხედავად თოვლისა, ერთ-ერთი კარი მაინც გაიყვანდა ზაფხულში. პეტრონიუსი იმედით უყურებს ცხოვრებას, მის პატრონსაც გაუმართლა, რომ ასეთი ოპტიმისტი ძმაკაცი ჰყავს. მათ საერთო მიზანი აქვთ, მთავარი გმირი კრიოგენული გაყინვით, რომელიც ძალიან ჰგავს ზამთარს, ნათელი მომავლსიკენ მიისწრაფვის, პეტრნიუსსაც იგივე სურვილი აქვს. მას ზამთარი არ უყვარს. „კარი ზაფხულში“ ერთგვარი იმედი, რეი ბრედბერისეული „ბედნიერების მექანიზმია“.

ნაწარმოებში კარგად არის ასახული ის ხელოვნური დაბრკოლებები, რაც ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში უშლის ხელს. იურიდიული პროცედურები, ფინანსები, ხელშეწყობის არქონა და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა კი გენიოსის კონცეფციებსა და მისი მოღვაწეობის დროს შორის წინააღმდეგობრიობაა. გამომგონებელი „საჭირო დროს“ უნდა დაიბადოს. ლეონარდო და ვინჩის ნახაზების უმრავლესობის განხორციელება მის დროს შეუძლებელი იყო, რადგან ისინი დროს უსწრებდნენ. რატომ?
* * *
შეიძლება იმიტომ, რომ პროფესორის სტუდენტი ლეონარდ ვინსენტი მომავლის ნაცვლად წარსულში აღმოჩნდა და...


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


25 November, 2015

რამონესის ჰანგებზე ამღერებული შინაური ცხოველების სასაფლაო





ისევ მოგვატყუა...

მოგვატყუა ისე, როგორც სალემში, სადაც პირველი გვერდის წაკითხვამდე, ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდა მწერლის რიგით მეორე რომანი სხვა არაფერი იყო, თუ არა ისტორია ვამპირებზე, რომელიც ბრემ სტოკერით შთაგონებულმა ინგლისურის მასწავლებელმა შეთხზა და ამ გზით სცადა მატერიალური მდგომარეობის გამოსწორება. გეგმამ იმუშავა და წიგნი დიდი ტირაჟით გაიყიდა, ქერის შემდეგ ეს სტივენ კინგის კიდევ ერთი აღიარება იყო, თუმცა ნებსით თუ უნებლიედ, ბევრს არ შეუმჩნევია, რომ რეალურად წიგნი საერთოდ არ ეხებოდა ვამპირებს. კარგი, ბოლო რამდენიმე თავში ბერლოუს ამბები ტიპური სტოკერისეული ჰორორია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისტორია სულ სხვა თემებს ეხებოდა, ვიდრე ეს მკითხველში სიბნელეში წაწვეტებული კბილების გამოჩენით გამოწვეული შიშია. სინამდვილეში, საშიში სულ სხვა რამ არის, ის, რაც ბევრად ახლობელი და ბუნებრივია, ვიდრე ვამპირი.

თითქმის იგივე მეორდება "ცხოველების სასაფლაოში," რომელიც ავტორმა 1983 წელს გამოსცა, თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კინგს სძულდა ეს წიგნი. პირველი ხელნაწერი ჯერ მეუღლეს აჩვენა, შემდეგ პიტერ სტრაუბს (ვისთანაც ერთადაც მალევე, 1984 წელს, გენიალური წიგნი "თალისმანი" გამოსცა და შემდეგ სიქუელი - "შავი სახლიც" მიაყოლა) და ორივესგან ერთი და იგივე პასუხები მიიღო. ცოლიც და საუკეთესო მეგობარიც წიგნის მიმართ ავტორის აზრს იზიარებდნენ. მოკლედ, ცხოველების სასაფლაო ძველმანების ყუთში აღმოჩნდა და კინგმა მის ნაცვლად მკვდარი ზონა გამოაქვეყნა. არავინ იცის, იყო თუ არა ჯონი სმიტის და მთლიანად ზონის გავლენა იმ საქმეში, რომ კინგი მალევე მიუბრუნდა ყუთში მოსროლილ წიგნს, მაგრამ ფაქტია, რომ "ცხოველების სასაფლაო" დაასრულა, გამოსცა და თან ეს აღმოჩნდა მისი ბოლო წიგნი, რომელზე უფლებებიც "დაბლდეი"-მ შეიძინა.


მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა საკმაო აღიარება მოიპოვა, ავტორს მაინც არ მოსწონდა ის. არა იმიტომ, რომ საკმარისად საშიში არ იყო, უბრალოდ, კინგს არ მოსწონდა შინაარსი, რომელსაც გადმოსცემდა ეს ისტორია. ისტორია კი, "ნათების" შემდეგ, ალბათ ყველაზე ავტობიოგრაფიულია მის შემოქმედებაში. წიგნში მოთხრობილი ამბის ძალიან ბევრი ეპიზოდი ემთხვევა კინგის ცხოვრებისეულ ფაქტებს, ასე მაგალითად, ახალ ქალაქში ოჯახთან ერთად გადასვლა, შინაური კატის სიკვდილი და უმცროსი ბიჭის კინაღამ მანქანის ბორბლებქვეშ დაღუპვა. შინაარსი რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ არ მოვყვეთ, მოკლედ შეიძლება იმის თქმა, რომ წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ექიმის და მისი ოჯახის პატარა ქალაქში გადასვლის და ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ, სადაც ერთმანეთს ებმის უცნაური, თუმცა ბუნებრივი მოვლენები და ამ ყველაფერს ფონად სდევს სახლის უკან განთავსებული სასაფლაო, სადაც შინაური ცხოველები არიან დამარხული. ეს მთლიანი ტერიტორია, თავის აკლდამებიან-სახლებიანად იმ მიწაზეა, რომელიც ერთ დროს ინდიელებს ეკუთვნოდათ. 


ისევ ტყუილს რომ დავუბრუნდეთ, პატივცემული ავტორი დიდებულ მწერლობასთან ერთად, დიდებული გამყიდველიცაა, მან ზუსტად იცის როგორ შეფუთოს წიგნები, როგორი ყდა გააკეთოს და რა თქვას პრეზენტაციებზე. ის ყოველთვის ამერიკელი მკითხველის იმ სათუთ გრძნობებს ეთამაშება, რომლებზეც თავისი წიგნების შინაარსებს აგებდა. ასე მოხდა ქერის შემთხვევაში, როცა ტელეკინეზი და მისნაირი ზებუნებრივი შესაძლებლობები ყოველი ამერიკელისთვის ახლადაღმოჩენილი საშიში ამბავი იყო, შემდეგ ექსტრასენსების ბუმი და ექსტრასენსი ჯონი სმიტი "მკვდარ ზონაში", "ცეცხლის წამკიდებელი" კონსპირაციული თეორიების ირგვლივ და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, სანამ პირველ თავს არ ჩაიკითხავ, ჯიუტად გჯერა, რომ წიგნი არის დახოცილ ცხოველებზე, რომლებიც შემდეგ ან ცოცხლდებიან, ამ მათი სული ბრუნდება, თვალები საშიშად უნთიათ, ხალხს ხოცავენ, ირგვლივ სისხლი და ცხედრების ნაფლეთებია და მოკლედ, ეს ხომ საკმარისია, რომ გვეშინოდეს, ხოდა ამიტომაც ვყიდულობთ კინგის ჰორორს.

სინამდვილეში წიგნს ოდნავი სიახლოვეც კი არ აქვს ყოველივე ზემოთქმულთან. აქ კინგი გვიყვება იმ დიდი გრძნობის შესახებ, რასაც სიკვდილის სიახლოვე ჰქვია. სიკვდილის სიახლოვე, რომელიც მისი არსებობის შეცნობას აადვილებს და რომელსაც ყველა თავს არიდებს. ახალგაზრდა ექიმი მანამ ცდილობდა ბედნიერ ცხოვრებას, სანამ პირადად არ შეეჩეხება გარდაუვალი ტრაგედიის მძიმე მარწუხებს. მანამ კი, საგულდაგულოდ ცდილობს მისი მეუღლე, პატარა ქალიშვილს სიკვდილის არსებობა დაუმალოს, თუმცა მიუხედავად მცდელობისა, პატარა ელი თვითონვე იკვლევს გზას ამ ლაბირინთში მაშინ, როცა ტრიალ მინდორზე აღმართულ ქვის ყურღანებს შეამჩნევს, ზედ მოსიყვარულე ცხოველების შესახებ ეპიტაფიებით. ამას მოყვება ექიმის ცოლის ბავშვობისდროინდელი ტრაგედია, რომელიც ის ნამდვილი საშინელებაა, რომელიც ამ წიგნში ყველაზე საშიშია. უახლოესი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული გაუმხელელი ბედნიერება და ამ ბედნიერებით გამოწვეული ცხოვრებისეული ტანჯვა. ის ყოველივე, რასაც წიგნის გმირები განიცდიან, მოსალოდნელი და უბედურების მომასწავებელია. არ არსებობს ადამიანი, რომელიც შორს დგას ცხოველების სასაფლაოსგან, რადგან ეს ადგილი სიკვდილის სავანე და იმ მდუმარების აკვანია, რომელშიც ადრე თუ გვიან ყოველი სულიერი ჩაესვენება და არანაირი აზრი არ აქვს პატარა ბავშვისთვის ამის დამალვას. ის მაინც მიხვდება, რომ მისი კატა, რომელიც ტრაილერმა გაიტანა, ფეხზე ვეღარასდროს წამოდგება .

თუკი არ...


ძნელია დაუშვა ის, რაც არ გინდა რომ დაუშვა. შეიძლება გსმენოდეს ამის ათასგვარი ვარიაცია და ისტორია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ყოველი მოქმედება, მაგრამ მაინც შორეული, უცნობი და დაუჯერებელი გეჩვენოს, თუმცა დგება მომენტი, როცა გახსენდება ძველი პარადოქსი - "ვინ ჭრის ქალაქელ დალაქს?"

'' ერთ ქალაქში ერთი დალაქი ცხოვრობდა და ის მხოლოდ იმ ადამიანებს ჭრიდა, ვინც თავად არ იცოდა თმის შეჭრა. დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა, პასუხგაუცემელი რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა - ვინ ჭრის ქალაქელ დალაქს? ''

იხსენებს გამოცანას მთავარი გმირი და თვალწინ უდგება მესაფლავე ძია კარლი და კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა - ვინ დაასაფლავა მესაფლავე ძია კარლი?

ცხოვრებისეული დრამატიზმით დატვირთული საშინელება ერთიანად ამძიმებს ისედაც მძიმე სიუჟეტს და ყოველ ნაბიჯზე სურვილს გიჩენს, შორს მოისროლო ეს დაწყევლილი წიგნი და მის შესახებ აღარასდროს არაფერი გაიგო. ეს გრძნობა უცხო არ არის, თავად პერსონაჟებსაც ასეთი გრძნობა აქვთ თავიანთი ცხოვრების მიმართ, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება ოთხმოც წელს გადაცილებული ჯუდი, რომელიც ართრიტით გაწამებულ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ახლადდასახლებულ ოჯახის მეზობლად და ყველანაირად ცდილობს მათ უცხო ქალაქის სიუცხოვე არ აგრძნობინოს და დეტალურად გააცნოს ყოველი კუთხე-კუნჭული - ადგილობრივი ქიმიური ქარხნის კუთვნილი მაღალსიჩქარიანი ტრაილერებით გადატვირთული გამყოფი გზიდან დაწყებული ინდიელების კუთვნილ მიწაზე გათხრილი ცხოველების საფლავებით დამთავრებული.


ჯუდს უადვილდება მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება. მისი სიტყვები კი კარგად წარმოაჩენს ამ რეალობის აღქმის საკითხში ეპოქათშორის სხვაობას . - "ჩვენს დროში სიკვდილთან უფრო ახლო დამოკიდებულება გვქონდა... არა, მაშინ სიკვდილს სკოლაში არ ასწავლიდნენ. ის უბრალოდ მოდიოდა შენთან სახლში და სავახშმოდ ჯდებოდა."

რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ცხოველების სასაფლაო მაინც ბოლომდე ამოუცნობ და მისტიურ წიგნად რჩება. საამისოდ ისიც კი კმარა, რომ თავად კინგმა ვერა და ვერ შეიყვარა თავისი ქმნილება, რომელიც ავტობიოგრაფიული ელემენტებით იმდენად დახუნძლა რომ ჰორორით შეზავების დროს, ის, პირველი ინგრედიენტი რომ უკვე დამატებული ჰქონდა, დაავიწყდა და  მასშიც რაღაც შიშები აღძრა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და ვინ იცის, შეიძლება წიგნი მართლაც არაფრად ვარგა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ძნელია ყურადღება არ მიაქციო იმ დეტალებს, რომლებიც აქა-იქ თავს იჩენს და ცოტა ხნით გავიწყებს საფლავის მიწის სურნელებით ამყრალებულ კატას.

საერთოდ, კინგი სოციალური მოდგმის მწერალია და ეს მის წიგნებშიც კარგად ჩანს. მისი საუკეთესო ნამუშევრებიც ხომ პატარა, ამერიკულ ქალაქებში აღწერილი მოვლენებია. ამ მხრივ ცხოველების სასაფლაოში საინტერესოდ აქვს გამოყოფილი ინდიელების თემა. ზოგადად, ცნობილია რომ ამერიკელებს საკუთრების და უძრავი ქონების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ ეკუთვნის, ხშირად ბაბუის ბაბუის ბაბუის მიერ არის მოზომილი, პირველი პილიგრიმობის დროს და არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ამის დამადასტურებელ ეტრატსაც გიჩვენებენ, სადღაც წინა საუკუნეებში რომელიღაც ევროპელი მეფის ხელმოწერით. თუმცა, კინგი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამერიკელების მიერ კონტინენტის დაპატორნებისა, მიწის მიმართ მათი პირვანდელი პატრონების კვალი არ გამქრალა და ისინი მუდმივ კავშირში არიან ახლაც. არ არსებობს გაწყვეტილი კავშირი მეპატრონეს და წართმეულ მიწას შორის. ისევე როგორც შეუძლებელია კავშირის გაქრობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.


წიგნი არ უყვარს, მაგრამ უყვარს რამონესი. რამონესი აფორმებს მთელ ამ შემძრწუნველ ამბავს. მისი როკ'ნ'როლი ახმიანებს მიცვალებულთა ძვლებს, მისი რიტმული ჰანგები ჩაესმით ჭირისუფლებს და უდროო დროს გაუაზრებლად ჰყვებიან მისამღერს. რამონესის მუსიკის ხმა ის გამონათებაა, რაც სიკვდილზე გაბრაზებულ და უიმედო ადამიანებს სიცოცხლისკენ აბრუნებენ და სისულელის ჩადენაზე ხელის აღებას აფიქრებინებენ, თუმცა ადამიანები რის ადამიანები არიან, სწორ დროს რომ სწორად დაფიქრდნენ.
...ხოდა დგანან ასე, ცოცხალ-მკვდრები, მომავლის და ნათელის იმედის გარეშე.






ავტორი: ირაკლი სულაძე