დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

15 May, 2015

გალერეა: პოპ-კულტურული ბუდა

არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. 3D ბეჭდვის ნიუ ჯერსელმა არტისტმა კრის მილნესმა კი გადაწყვიტა, რომ ასეთი ადამიანებისთვის შეექმნა ბუდას ქანდაკების ფორმის თანამედროვე  პერსონაჟები. თავდაპირველად იგეგმებოდა მხოლოდ Stat Wars-ის პერსონაჟების შექმნა, თუმცა მოთხოვნის შემდეგ მან გადაწყვიტა, კოლექციაში შეეყვანა სხვა ცნობილი  პერსონაჟებიც. 

© Chris Milnes


























ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


რას ველით „მეტრო 2035“-გან?



ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით (სირცხვილი აკუნინის ოფიციალურ ვებ-გვერდს) მეგობრისგან შევიტყვე, რომ უკვე თვეზე მეტია რაც ერასტ პეტროვიჩ ფანდორინის ახალი წიგნი გამოიცა. ამ ამბით რიგიანად გახარებაც ვერ მოვასწარი, რომ მალევე დიმიტრი გლუხოვსკიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე დიდი ხნის ნანატრი ინფორმაცია მოგვაწოდა. მეტრო 2035-ის გარეკანი გაგვაცნო და თან Дописал-ო - გვახარა. მანამდე კი ტრადიციულად საწყისი თავები ლიტრესზე გამოაქვეყნა და ჩვენც თანამედროვე პოსტაპოკალიპტური საგის ახალი წიგნის შესახებ მცირედი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა.

მეტრო 2035-ის საწყისი ფრაზიდანვე პირველ წიგნში ვბრუნდებით, მეორე ნაწილში მივიწყებული არტიომი ისევ მთავარი გმირის ამპლუაში გვევლინება და პირველი ფრაზაც, ისევე როგორც 2033 წელს, ახლაც მას მიემართება. თუმცა, არტიომი უკვე გაზრდილი და დავაჟკაცებულია. ის ახლა მეტროს გმირია, ყველა მის შესახებ საუბრობს და ვინმე გომერი - მოხუცი მწერალი, მის შესახებ ისტორიული (მაგრამ თანამედროვე) წიგნის დაწერასაც გეგმავს. ის გარემო და განწყობა, რამაც ასე შეაყვარა მეტრო 2033 მკითხველს, ტრილოგიის ბოლო წიგნშიც უცვლელია. ვბრუნდებით ათი წლის წინ გაცნობილ სამყაროში, რომლის შესახებაც კარგა ხანია არაფერი გვსმენია.

2035-ის შინაარსი პირდაპირ მიბმულია პირველი წიგნის ეპილოგს - არტიომის წერილს, რომელშიც ის ერთგვარ აღსარებას გვაბარებს და ფარდას ხსნის "შავებზე" მოდებულ საიდუმლოებას. ის ახლა ყოველ დღე ადის ზედაპირზე - ბოტანიკურ ბაღში, ნელი ნაბიჯით უახლოვდება იმ კოშკს, რომლიდანაც დაინახა, როგორ განადგურდა "შავების" ბუდე და რომელზეც უკანასკნელად იხილა ისინი. უკანასკნელად დაინახა დედის სახეც. კოშკის უმაღლეს სართულზე ადის და ომგამოვლილი რადიო-სადგურიდან სიგნალის დაჭერას ცდილობს. - "მიღება, მიღება!... ლაპარაკობს მოსკოვი! ჰეი, პეტერბურგო, ვლადივასტოკო, ეკატერინბურგო! ხმა ამოიღეთ! მითხარით, რომ გადარჩით, რომ მანდაც ხართ ცოცხლები. ჩვენზე ბევრად კარგად ცხოვრობთ, სუფთა ჰაერს ყლაპავთ და ახლა მოსკოველი ძმების წამოსაყვანად ხალხსაც გამოგზავნით."

სიჩუმე...


გახსოვთ "მელნიკი"? ახლა მისი ქალიშვილი არტიომთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, მათი საერთო საწოლი მხოლოდ ფორმალურია. კაცი დილაადრიან ადის ზედაპირზე, უკან დაბრუნებულს კი ქალი უკვე სოკოზე ხვდება წასული. მოკლედ, თავიდანვე ჩანს, რომ ადამიანური გრძნობებით სითბომოდებული გვერდების სიმრავლე არც მეტრო 2035-ში გველის. სამაგიეროდ, ყოველი ახალი თავი ახალი ინტრიგით მთავრდება. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ გომერი აღმოჩნდება კაცი, რომელმაც სხვა ქალაქებთან კავშირის დამყარება ერთხელ უკვე შეძლო.

მეტრო ფართოვდება და იზრდება.

თუმცა სიმართლე "შავების" შესახებ კვლავ მხოლო ერთმა ადამიანმა იცის.

მოკლედ, ლოდინად ღირდა. მეტრო 2035 იქნება ზუსტად ისეთი, როგორ დასასრულსაც იმსახურებს ეს ისტორია. რა თქმა უნდა, გლუხოვსკის არც მანამდე და არც ახლა ოდნავი მინიშნებაც არ გაუკეთებია ახალ წიგნში განვითარებულ სიუჟეტზე, თუმცა მკითხველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ აქ ვიხილავთ ისეთ დასასრულს, როგორსაც "არტიომის ევანგელიე"-ში (მეტრო 2033-ის ეპილოგი). თუმცა, ეს საკამათო თემაა, ვინაიდან ქრონოლოგიურად ის ამბავი უკვე მოხდა წლების წინ და არტიომს რომც არ ახსოვდეს უკანასკნელი შეხვედრა "შავთან", ერთხელ მოხდენილი აღარ განმეორდება.

უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამ წიგნით ავტორი მოსკოვის საზღვრებს გასცდება და სოკოების და ღორების მოშენებით განებივრებული, უკვე "შავებისგან" გადარჩენილი რუსებისგან მოქმედების წერტილს სულ სხვა წერტილებში გადაიტანს.







ავტორი: ირაკლი სულაძე

10 May, 2015

Deutsche, hier steh' ich



შავ ფონზე გაკრულ სვასტიკაზე ამონათებული წითელი მზე იმ ალტერნატიული მომავლის (უფრო სწორედ წარსულის...) საუკეთესო წარმოსახვაა, რომელიც ერთ შერეკილ ამერიკელს წინა საუკუნის 50-იანების ბოლოს იდეად ჩაესახა. იდეა ამბად აქცია და 1962 წელს გამოსცა კიდეც ერთ-ერთი საუკეთესო მატყუარა ისტორიის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომი 1947 წლამდე გაგრძელდა, ხოლო მოკავშირეებს არც მაშინ და აღარც შემდგომ, არასოდეს უმღერიათ День Победы. ფიურერის სიკვდილის შემდეგ დიდებულ რაიხს სათავეში ჰერ ბორმანი ჩაუდგა, მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკა კი "ქერა-თმიანებმა" და "წვრილთვალიანებმა" სათავისოდ გაინაწილეს. ამ უკანასკნელთ ხელში იყო უძველესი აღმოსავლური ცოდნა, არიელები კი ტექნიკური მიღწევებით მარსზე შებიჯებას აპირებდნენ. მაგრამ, ერთ-ერთი კომიკოსის არ იყოს, გერმანელმა კოსმონავტებმა მარსიდან სიგნალი გადმოაგზავნეს, აქაც ებრაელები ყოფილან, ოღონდ უფრო დაბლები და ორთავიანებიო. შტატები ჯერაც ვერ გამოსულიყო დიდი დეპრესიის დროინდელი კრიზისიდან, ამერიკიდან ჩამოსული მუშა ხელი კი იაპონურ კორპორაციებში ღვრიდნენ ოფლს. 

თუმცა არსებობს კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ქალაქზე შესეული კალიის ამბავს აღწერს. წიგნი მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერესი არც მის ებრაელ ავტორს აკლია, რომელიც სადღაც მიყრუებულ მაღალ კოშკში ცხოვრობს. (რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ინტერესს სულ სხვა ხალხი იჩენს). კალიის ამბავი იმ ფსევდოალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს, რომელშიც "თურმე" ძლევამოსილი გერმანული არმია ბერლინში დამარცხდა და მსოფლიოს ომის შემდგომი ჰეგემონი სლავებთან ერთდ დიდი ბრიტანეთი გახდა. სლავებს კი რეალობაში მსოფლიო რუკის ყველაზე მტვრიან კუთხეში აქვთ ადგილი მიჩენილი. 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

თავად პერსონაჟები რამდენიმე მიმართულებით არიან გაყოფილი. ნაწილი საიუველირო ბიზნესის აწყობას ცდილობს და ხელნაკეთი აქსესუარებს მაღაზიიდან მაღაზიაში დაატარებს, ზოგიც თავისი იაპონელი დამსაქმებლის მოხიბვლას ლამობს და ამერიკულ ტრადიციებზე მორგებული ტანჩამოსხმული აზიელებით საბოლოოდ თავადვე რჩება აღტაცებული. გმირების ნაწილი - მისტერ ტაგომი, ფრენკ და ჯულიანა ფრინკები თავიანთ ცხოვრების წარმართვას ძველ-აღმოსავლური სამისნო წიგნის დახმარებით ცდილობენ. წიგნი წიგნად, მაგრამ ამასობაში რეალობის აღქმა ეკარგებათ და მაღალ კოშკში მჯდარი უცნაური კაცის ნაწერსაც, მიუხედავად უდიდესი თავდაპირველი ინტერესისა, დასასრულის მოკლედ გაგების შემდეგ, მარტივად ხურავენ და მანქანის უკანა სავარძელზე აგდებენ.

სამისნო წიგნი არ არის ის ერთადერთი, რაზეც მიბმული არიან გმირები. რაზეც სიმწიფით დაბერილი ნაყოფის მსგავსად ოდნავღაა დაკიდებული მათი ცხოვრება, - ძირს დანარცხების წინ ძლივს რომ იკავებს თავს. აქ შეხვდებით ყველაფერს - დამონებულ პატრონებს და პატრონებად გამხდარ მონებს. ინდუსტრიული რევოლუციის ახალ ტალღას, სამეცნიერო პროგრესის მრავალფეროვნებას და თვით მომაკვდავ ჰიტლერს, შეშფოთებული თვალებით ნათქვამ მის უკანასკნელ სიტყვებს: Deutsche, hier steh' ich !
თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა...

წიგნის კითხვისას გეუფლება შეგრძნება, თითქოს მძიმე ჩექმნებით ღრმა ტალახს მიაპობ. აქა-იქღა ჩანს სინათლე. ყოველი კუთხე-კუნჭული ერთმანეთის მსგავსია, - დამპალი, გაჩანაგებული და უსიცოცხლო. ხედავ სიბნელით მოსილ მუქ ფერებიდან მომზირალ თვალებს, ამჩნევ მათ უსიცოცხლო მზერას, უემოციო სახეებს, ისმის გაბმული, გასარჩევი, მაგრამ ყოველად უაზრო ხმები. მიდიხარ გვერდიდან გვერდამდე, ვერ ხვდები რა გელის ბოლოს და საშინელი ტრაგიზმი გიპყრობს როდესაც ფინიშთან მისულს გხვდება სიცარიელე და გაურკვევლობა. ისეთივე გაურკვევლობა, როგორიც მანამდე. და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა. კითხვა, რომელიც ამბავს მაღალ კოშკში ჩაკეტილ კაცის შესახებ მუდმივად თან სდევს.

"ხომ არ იქნებოდა სამყარო უკეთესი - ადამიანების გარეშე?"




ავტორი: ირაკლი სულაძე


გალერეა: Clownville, ანუ გროტესკული კლოუნები


Clownville არის ფრანგი ფოტოგრაფის ეოლო პერფიდოს მიერ შექმნილი ექსტრაორდინალური და გროტესკული კლოუნების ფოტოგრაფიული კოშმარი. პერფიდოს თქმით, მასზე შთაგონება მოახდინა მუნჯი კინოს ისეთმა სახეებმა, როგორებიც იყვნენ ბასტერ კიტონი და ჩარლი ჩაპლინი. ისინი იძულებულნი იყვნენ გაეზვიადებინათ მათი ემოციების გამოხატვა, რადგან არ შეეძლოთ ლაპარაკი.

კლოუნები თანამედროვე სახით პირველად გამოჩნდნენ XVIII საუკუნეში და ასოცირდებოდნენ ცირკთან და კომედიასთან. თავად სიტყვა „კლოუნი“ მომდინარეობს სკანდინავიური სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „უხეშ  და უშნო კაცს“. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ პერფიდოს კლოუნები სასაცილო და უწყინარი არსებებიდან გადაგვარდნენ ტერორის მოციქულებად.

რაც შეეხება პერფიდოს, ის ახლა ცხოვრობს იტალიაში და მუშაობს ისეთ გამომცემლობებში, როგორებიცაა NY Times, Communication Arts, Panorama First, Vision, Vogue Russia, GQ Russia, L’Espresso and Computer Arts.

© Eolo Perfido






















ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

07 May, 2015

რა შუაშია მეფე?



"ყურადღებით მისმინეთ, აი, რას გიამბობთ."


"ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს" ჩეხი ავტორის - ბოჰუმილ ჰრაბალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია. ის არ არის ჰრაბალის ყველაზე ცნობილი წიგნი, თუმცა ფართო მასებმა ის სწორედ ამ ნაწარმოების ეკრანიზაციით გაიცნეს. ჩვენთან კი წიგნი "დიოგენეს" დამსახურებით ითარგმნა/გამოიცა და სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკაში" საპატიო ადგილი დაიკავა. 

ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ჩეხი ყმაწვილის - დიტერის ამბავს, რომელიც ადრეული ასაკიდანვე რესტორნებსა და სასტუმროებში მსახურობდა. უწევდა სასტიკი უფროსების უაზრო კაპრიზების ატანა და ძილის წინ სავალდებულო ბანვითი პროცედურების ჩატარება. თუმცა, ამასობაში ნელ-ნელა გამოიწრთო და მალე "ფულის კეთებაც" ისწავლა. დიტერს თავისი სპეციფიკური და განუმეორებელი ტექნიკა ჰქონდა, სადგურზე შესასვენებლად გაჩერებული მატერებლის ფანჯრებიდან გადმოწვდილ მსხვილ კუპიურებს მძიმე-მძიმედ ახურდავებდა და სანამ ცხელი სოსისით ნერწყვმომდგარი კლიენტი ხურდის მიღებას ელოდებოდა, მატარებელიც იძვროდა, დიტერი ამ დროს ოდნავ უჩქარებდა ნაბიჯს, თუმცა რა თქმა უნდა, ვერ ეწეოდა "მსხვერპლს". ასე და ამგვარად აგროვებდა უმცროსი მოჯამაგირე პირველი ქალის ფულს.

ქალები კი მისთვის ფულის შემდეგ რიგით მეორე მთავარი ცდუნება იყო. ვაჭრობის პირველ წლებში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა გზით "მოეტეხა" კრონები, რომ შემდეგ კვირის ბოლოს ახალ-ახალი პრაღული ნუგბარი გაესინჯა იქვე, ქალაქის ბორდელში. ისევე როგორც ვაჭრობაში, დიტერი ამ საქმეშიც გამორჩეული იყო და თავისებური ახალგაზრდული მონდომებით აღვსილი შემოქმედობითობით თითქმის ყველა გოგოს თავს აყვარებდა.

თუმცა, მისი სამსახურებრივი თუ პირადი კარიერა, იმ პერიოდის პოლიტიკური მდგომარეობის მსგავსად, მეტად არასტაბილური იყო. დიტერი სამსახურს, პარტნიორსა და საცხოვრებელს იმდენად ხშირად იცვლიდა, რომ დღიურში, რომელსაც ჩვენ წიგნის სახით ვეცნობით, დეტალები ხშირად ერთმანეთშიც კი აქვს არეული. თუმცა არ არევია ის ისტორია, რომელიც მისი და არიელი ქალის სიყვარულზე მოგვითხრობს. ამის პარალელურად ჰრაბალი გადმოგვცემს მე-20 საუკუნის ორმოციანი წლების ჩეხოსლოვაკიის ცხოვრებას. გვაჩვენებს თავისივე თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპაციამდე პერიოდში გერმანელებს სასტიკად ექცეოდნენ. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დიტერი ბოლომდე "სოკოლელად" ვერ იქცა და იმდროინდელი ჩეხური პატრიოტიზმიც ბოლომდე ვერ გაითავისა.

კადრი ფილმიდან - "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს". 2006წ. რეჟისორი: ირჟი მენცელი.
საბოლოოდ დიტერი სახელის მოხვეჭასაც ახერხებს და ბავშვობის ოცნებასაც ისრულებს - ექცევა პომპეზური შეხვედრების, ფუფუნებით განებივრებული ჩეხებისა და მსხვილი სასტუმროს მფლობელების საზოგადოების წევრად. მაგრამ რა შუაშია მეფე? ინგლისის მეფის მსახურობას დიტერის ერთი უფროსი მეგობარი იჩემებდა, რომელსაც მის ყველა "საგმირო საქმეზე" ერთი პასუხი ჰქონდა: "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს"-ო. ინგლისის ვერა, მაგრამ ეთიოპიის იმპერატორის მსახურობა დიტერსაც მოუწია. ეს "სტატუსი" კი, რომელიც სინამდვილეში არანაირ ღირსებას წარმოადგენდა, ჩვენს მთავარ გმირს არაერთხელ დახმარებია. ისევე როგორც სხვა, არაფრისმომცემი დეტალები, რომლებსაც მის ირგვლივ მყოფები აგრერიგად აფასებდნენ.

საინტერესო დეტალი: წიგნი პირობითად ხუთ ისტორიადაა დაყოფილი და თითოეული ამბავი ერთი და იმავე წინადადებით იწყება და სრულდება. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო თავის უკანასკნელი ფრაზა.

საერთოდაც, დიდი მაღვალაკი ვინმე იყო დიტერი. ჯერ ხომ კლიენტებს ფულს აწერდა, მერე საროსკიპოში გოგოები გადარია - ისეთები აკეთა. /ის არა, რაც თქვენ იფიქრეთ/. უბრალოდ სილამაზეს იმდენად აფასებდა, რომ მათ "უმანკო" სხეულებს ცოცხალი ყვავილებით და ნაძვის ტოტებით რთავდა, შემდეგ კი დიდ სარკეს დაკიდებდა და გოგოებს აჩვენებდა, რა მშვენიერები იყვნენ სინამდვილეში. მერე სასტუმროს ბობოლა კლიენტებს უჩუმრად ხურდის ფულს უყრიდა იატაკზე და იმით ტკბებოდა, როგორი რუდუნებით ცდილობდნენ საპატივსაცემო საზოგადოების ჩასუქებული  წევრები თითოეული მუქთად ნაშოვნი კრონის ხელში ჩაგდებას.

მერე უეცრად ყველას ომის უბედურება ატყდება თავს, თუმცა რადგან ეს წიგნის ყველაზე სევდიანი და თანაც ყველაზე არადიტერისეული ნაწილია, მასზე ზედმეტის თქმა არ ღირს.

სჯობს ის ისეთი გვახსოვდეს, როგორიც წიგნის პირველ ნახევარში, ეთიოპიის მეფეს რომ ემსახურებოდა, ე მაშინ.


"ამით უკვე ნამდვილად ვასრულებ."





ავტორი: ირაკლი სულაძე

04 May, 2015

ნილ გეიმანის „ოკეანე ბილიკის ბოლოს“: დიდი აფეთქება ცნობიერებაში









„დიდები დადიან გზებზე. ბავშვები იკვლევენ. დიდებს აკმაყოფილებთ ერთსა და იმავე გზაზე ასჯერ, ათასჯერ სიარული. შეიძლება არასდროს მოსდით მათ თავში, რომ ამ გზებიდან გადაუხვიონ, იხოხონ როდოდენდრონების ქვეშ, იპოვონ სივრცე ღობეებს შორის. მე ბავშვი ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიცოდი უამრავი გზა, როგორ გამეღწია ჩვენი ადგილიდან და ბილიკზე გავსულიყავი. ეს იყო გზები, რომლებიც არ გულისხმობდა ტრასაზე სიარულს“

ნილ გეიმანის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევრის „ოკეანე ბილიკის ბოლოს“ შინაარსი ძალიან წააგავს მის სხვა ნამუშევარს „კორალაინს“ (რომელიც ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა 2009 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმით). „ოკეანე ბილიკის ბოლოს“ მოგვითხრობს ამბავს, რომელიც თავს გადახდა პატარა ბავშვს. ეს არ ნაწარმოები, რომელიც ღრმად იკვლევს ბავშვის მიერ სამყაროს აღქმას, ბავშვის შიშებს, მის მიერ მოვლენების შეფასებას, თვითშემეცნების პროცესს. რაც შეეხება „კორალაინთან“ მსგავსებას, ორივე ნაწარმოებში ბავშვი აღმოჩნდება მისთვის უცხო, ზებუნებრივი ფენომენების წინაშე, რომლებსაც დიდი გარდატეხა შეაქვთ მთავარი პერსონაჟების ცნობიერებაში.

„ოკეანე ბილიკის ბოლოს“ არის ნოველა უსახელო კაცის შესახებ, რომელიც დიდი ხნის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაკრძალვაზე ჩადის და დაკრძალვის შემდეგ იხსენებს ბავშვობის ამბავს. იხსნებს ერთ უცნაურ ოჯახს, რომელიც ცხოვრობდა ბილიკის ბოლოს, ფერმაში. ოჯახი, გვარად ჰემპსტოკები, შედგებოდა სამი წევრისგან: ბებია, დედა და შვილი. მას შემდეგ, რაც ბიჭის ოჯახის მდგმური თავს მოიკლავს, იწყება უცნაური ამბები. ამ ამბების მიზეზის გარკვევას კი შედეგად მოჰყვება ვინმე ურსულა მონკტონის ბიჭის ოჯახში შემოსვლა, რომელიც ოჯახმა ბავშვების მომვლელად დაიქირავა. ამ ყველაფერთან გამკლავებას კი ბიჭი 11 წლის ჰემპსტოკთან - ლეტისთან და მის ოჯახთან მეგობრობით ცდილობს.

ურსულა მონკტონი არის ანტი-მერი-პოპინსი და მხოლოდ ბიჭი ხვდება, რომ ის არის პარალელური სამყაროდან მოსული „რაღაც“. ჰემპსტოკების ფერმასთან, ბილიკის ბოლოს, დგას პატარა გუბურა, რომელიც, ლეტის მტკიცებით, არის ოკეანე, რომლითაც მისი ოჯახი დედამიწაზე მოვიდა. ლეტი 11 წლისაა, თუმცა ბიჭი ხვდება, რომ გასარკვევია ის, თუ რამდენი ხანია, რაც 11 წლისაა. ერთი სიტყვით, ნაწარმოების მთელი „მუღამი“ იმაში მდგომარეობს, რომ ხვდები ადამიანებს, ისმენ მოვლენების აღწერას და ვერ იშორებ შეგრძნებას, რომ მათ უკან იმალება რაღაც ამოუხსნელი, ზებუნებრივი, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

სწორედ ასეთი სიუჟეტის ფონზე და 7 წლის ბავშვის პერსპექტივიდანაა განხილული ისეთი თემები, როგორიცაა მახსოვრობა, შიში, მარტოობა, სიკვდილის გარდაუვლობა, დროის აღქმა, რეალობის ვარიაციები, ზებუნებრივის არსი, შემეცნება და ცოდნა. მთავარი ფაქტორი, რაც ყველა ამ თემის გამოკვლევას საინტერესოს ხდის, არის ის, რომ საქმე გვაქვს 7 წლის ბავშვთან, რომელიც მოვლენებს აღიქვამს სუფთა გონებით, ანუ მისი ცნობიერება ჯერ კიდევ თავისუფალია საზოგადოებრივი აზრისგან. ის ცხოვრობს საკუთარი რეალობით, რომელიც „უფრო ნამდვილია, ვიდრე უფროსების რეალობა“.

ნაწარმოებში კარგად ჩანს მახსოვრობის არამდგრადობის არსი. თუ მთავარი გმირის მოგონებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ მახსოვრობა წარმოადგენს მოვლენების ex post facto შეფასებას და არა უკვე მომხდარი ფაქტის მეხსიერებაში კონსტანტაციას: „ბავშვობის მოგონებები ხანდახან იფარება და ბუნდოვანი ხდება იმ მოვლენების შედეგად, რომლებიც მოგვიანებით ხდება. მოგონებები ემსგავსება საკუჭნაოს ძირში მიყრილ და დავიწყებულ სათამაშოებს, რომლებიც არასდროს იკარგებიან.“ 

შეუძლებელია, ვისმენდეთ პარანორმალური მოვლენების ქრონიკას 7 წლის ბავშვის ცხოვრებაში და ვერ ვიგრძნოთ შიშის არსებობა. პატარა ბავშვის ტიპიური შიშების გარდა მთავარ გმირს ეშინია „შიმშილის ჩიტების“ (არსებები, რომლებსაც შეუძლიათ რეალობა შეჭამონ და მის ადგილზე ამოუხსნელი სიცარიელე დატოვონ), ეშინია, რომ ვერ გაამართლებს მისთვის ძვირფასი „ადამიანის“ იმედს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ბიჭი „შიმშილის ჩიტებისგან“ გადაერჩინა. ბიჭი აცნობიერებს შიშის ფენომენის მეორე მხარეს: „მონსტრები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ზომით. მონსტრები არიან ისინი, რისიც ხალხს ეშინია. მონსტრები არიან ისინი, რომლებიც ჰგვანან მათ, რისიც ხალხს დიდი ხნის წინ ეშინოდა. ზოგჯერ კი მონსტრები ისეთი რაღაცეებია, რისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, თუმცა არ ეშინიათ.“ საბოლოოდ ბიჭი ხვდება, რომ მონსტრები მხოლოდ იმიტომ არიან მონსტრები, რომ მათაც რაღაცის ეშინიათ.

„ეს ოკეანეა“, თქვა მან. „როდესაც ბავშვი ვიყავი, ამის გავლით მოვედით ძველი ქვეყნიდან“ 


ნაწარმოების მთავარი გმირი მარტოა, მის მეშვიდე დაბადების დღეზე არავინ მივიდა, სანამ ჰემპსტოკებს შეხვდებოდა, მას მეგობარიც არ ჰყავდა. თუმცა, ბიჭის ცხოვრებაში ძნელია, რომ მარტოობას ცალსახად დადებით ან უარყოფითი მნიშვნელობა მივანიჭოთ. მარტოობა ბიჭისთვის წარმოადგენს ცნობიერების მანიპულაციის საშუალებას, სამყაროს ემპირიული შეცნობის მექანიზმს. ამაში კი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს წიგნები, რომლებსაც ბიჭი კითხულობს: „წიგნები უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე ხალხი.“ წიგნები წარმოადგენს რეალური ცხოვრებიდან გაქცევის საშუალებას: „ჩემს ცნობიერებაში წიგნი მოვძებნე და მასში ჩავიძირე, სწორედ აქ მივდიოდი, როდესაც რეალური ცხოვრება რთული ან ძალიან უხეში იყო.“ წიგნებისა და მარტოობის საშუალებით ბიჭი ხვდება, რომ უფროსები ისეთები არ არიან, როგორებიც ჩანან: „ვიზრდებოდი და წიგნებიდან ბევრი რამ ვისწავლე. მათ მასწავლეს იმის უმეტესობა, რაც ადამიანებზე ვიცოდი; მასწავლეს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ისინი იყვნენ ჩემი მასწავლებლები და მრჩევლები.“

მთავარი გმირის ცნობიერების გარდატეხაში დიდი როლი ითამაშა სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერებამ, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ბოლომდე ვერ ჩასწვდა სიკვდილი არსს. მას სიკვდილის ეშინია, თუმცა არსებობდა მომენტები, როდესაც ამ შიშმა უკანა პლანზე გადაიწია: „დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. არ მინდოდა სიკვდილი. ჩემმა მშობლებმა ადრე მითხრეს, რომ სინამდვილეში არ ვკვდებოდი, რეალური „მე“ არ კვდებოდა: სინამდვილეში არავინ კვდებოდა, როცა ისინი გარდაიცვლებოდნენ... ისინი ეძებდნენ ახალ სხეულებს, და შემდეგ უკან დაბრუნდებოდნენ. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მიყვარდა ჩემი წიგნები, ჩემი ბებია და ბაბუა და ლეტი ჰემპსტოკი, სიკვდილი კი ამ ყველაფერს წამართმევდა.“

სტივენ ჰოკინგის შემდეგ, ნილ გეიმანი ალბათ ყველაზე ცნობილი ადამიანია, რომელიც მუდმივად ცდილობს გამოიკვლიოს დროის არსი. ამ ნაწარმოებში დროს არის ის გარდაუვალი ფენომენი, რომელიც აიძულებს პატარა ბიჭს გაიზარდოს: „დროს გადის და ვხდებით ჩვენი თავების მშობლები, ვცხოვრობთ საკმაო ხანს, რათა ვნახოთ, თუ როგორ მეორდება სახეები დროის განმავლობაში“.  მეორე მხრივ კი, გეიმანი ცდილობს უპასუხოს კითხვას, რა მოხდებოდა, თუ დროის კანონებს არ დავემორჩილებით? ბიჭი ხვდება, რომ ლეტი მინიმუმ ათასი წელია, რაც 11 წლისაა (თუმცა ლეტი ადამიანზე მეტია, ის სხვა სამყაროს ეკუთვნის): „მე მახსოვს დრო, როცა შეიქმნა მთვარე“ - უთხრა ერთხელ ლეტიმ ბიჭს. მისთვის რთულია ბავშვობასთან განშორება, ის ერთგვარი „პიტერ პენის სინდრომითაა“ დაავადებული - მტკივნეულად განიცდის ზრდას, რადგან ეს პროცესი უხეშ რეალობასთან დაპირისპირებას გულისხმობს: „არ მენატრება ბავშვობა, მაგრამ მენატრება ის, თუ როგორ ვერთობოდი პატარა რაღაცეებით, რომლებიც დიდი მოვლენების მარტივ მამრავლებს წარმოადგენდნენ. არ შემეძლო მეკონტროლებინა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი; არ შემეძლო თავი დამეღწია საგნებისგან, მომენტებისგან ან ხალხისგან, რომლებიც ტკივილს მაყენებდნენ, თუმცა სიამოვნებას ვიღებდი ისეთი რაღაცეებისგან, რომლებიც მაბედნიერებდნენ.“ 

ნაწარმოებში ხშირად დასმულია კითხვა, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, იმაზე მეტი რომ ვიცოდეთ მასზე, ვიდრე ვიცით? რომ ვიცოდეთ სამყაროებზე, მათ ამოუცნობ საიდუმლოებებზე? ჰემპსტოკები ფუნქციონირებენ იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვარსებობთ, ისინი სხვა განზომილებაში აღიქვამენ ადამიანთა ყოფიერებას, ცხოვრებასა და სიკვდილს. მათ გააჩნიათ ზებუნებრივი ძალები, თუმცა მათთვის ეს რეალობაა, ბიჭისთვის კი მაგიური მოვლენები. რომელთა აღქმაა უფრო რეალური? ცოდნა კი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს, ბილიკის ბოლოს მდებარე გუბურაშია, რომელიც, ლეტი ჰემპსტოკის თქმით, ოკეანეა:

„მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი. ლეტი ჰემპსტოკის ოკეანე ჩემში ჩაიღვარა და ამავსო მთელი სამყაროთი, „კვერცხიდან“ „ვარდამდე“. ვიცოდი ეს. ვიცოდი რა იყო „კვერცხი“ - საიდანაც სამყარო შეიქმნა, ეს იყო ხმა ჯერ კიდევ შეუქმნელი არსებების სიმღერისა, რომლებიც ამაოებაში მღეროდნენ - და ვიცოდი სად იყო „ვარდი“ - უცნაურად იკეცებოდნენ განზომილებებში სივრცეები სივრცეებზე , როგორც ორიგამი და ყვაოდნენ უცნაური ორქიდეის მსგავსად, რომელიც იქნებოდა საბოლოო დასასრულისა და მომდევნო „დიდი აფეთქების“ წინ არსებული კარგი დროის ნიშანი.“


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

03 May, 2015

რა ტიპის ლიტერატურულ თარგმანებს გვპირდება წიგნის ეროვნული ცენტრი


უკვე რამდენიმე წელია, ,,ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" აქტიურ პროპაგანდას ეწევა საზოგადოებაში ბეჭდური ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. საბედნიეროდ ეს დაწესებულება მარტო არ არის და მხარში სხვადასხვა გამომცემლობები თუ წიგნის მაღაზიები უდგას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად ნელი ტემპისა, მაინც ითარგმნებოდა საინტერესო ლიტერატურა უცხოური ენებიდან. წელს კი ,,ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" გაცილებით უფრო მრავალფეროვან წიგნების ასორტიმენტს გვპირდება. ჩვენ გთავაზობთ 2015 წელს სათარგმნი წიგნების სიას მოკლე ანოტაციით, რომლებზეც ნელ-ნელა უფრო კონკრეტულ მიმოხილვებსაც დავდებთ.(ზოგი წიგნი უკვე თარგმნილიც კი არის)

1)



რობერტ ბერნსი- ლექსები

გამომცემლობა- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რობერტ ბერნსი შოტლანდიელი პოეტი გახლავთ, რომელიც შოტლანდიის ეროვნულ პოეტადაც არის მიჩნეული. მისი დაბადების დღე, 25 იანვარი შოტლანდიის ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწარულად ითვლება. ის იმ პოეტთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ლექსებს ორიგინალ შოტლანდიურ ენაზ წერდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბერნსს ლექსების უმეტესობა ინგლისურ ენაზე აქვს დაწერილი, სადაც აშკარად იგრძნობა შოტლანდიური დიალექტი. იგი გახლავთ ,,პიონერი" ერთ-ერთი ხელოვნების მიმდინარეობის- რომანტიზმის. გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა ლიბერალური და სოციალური მოძრაობების ლიდერთა შთაგონების წყარო. ცნობილი ფაქტია, რომ ბერნსი აგროვებდა ძველ შოტლანდიურ ფოლკლორის ნიმუშებს და ზოგჯერ მათ ადაპტირებასა და მოდერნიზებას ახდენდა.



2)


ჯორჯ გორდონ ბაირონი- ლექსები

გამომცემლობა- მუსიკალური ფონდი

ბაირონის კალიბრის მწერალი მსოფლიო პოეზიას რომ გამოაცალო, თავზე ჩამოგვენგრევა, რადგან იგი გახლდათ ყველასთვის ცნობილი მიმდინარეობის- რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუძემდებელი. მისი პოპულარობა დაიწყო ,,ჩაილ ჰორალდის" გამოქვეყნებით, რომელიც გახდა არსებული რეალობის წინააღმდეგობის სიმბოლო. ბაირონის შემდეგ მრავალი მწერალი თუ პოეტი მოექცა ამ კაცის გავლენის ქვეშ. ბაირონი ვერ ეგუებოდა არსებულ მდგომარეობას, ოცნებობდა უფრო ნათელ ცხოვრებაზე. ბაირონი გახდა უდიდესი მნიშვნელობის პოეტი, რადგან იგი წერდა მსოფლიო მნიშვნელობის მელანქოლიაზე, იმ საკითხებზე, რაზეც აქამდე ფაქტობრივად არავინ წერდა ან უბრალოდ ცდილობდნენ და ვერ გამოსდიოდათ. ბაირონმა კი გაბედა და დაუპირისპირდა მოცემულ მდგომარეობას და შთააგონა სხვა მწერლებიც მსგავსი იდეებით. ,,მუსიკალური ფონდი" კი მის ლექების თარგმანს 2015 წლისთვის გვპირდება.



3)



კურტ ვონეგუტი- ,,მეხუთე სასაკლაო ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა"

გამომცემლობა- დიოგენე


კურტ ვონეგუტი ამერიკელი მწერალი გახლავთ. იგი არის ისეთი ცნობილი ნაწარმოებების ავტორი, როგორიცაა : კატის აკვანი, მეხუთე სასაფლაო ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა. ამ ადამიანმა პირადად გამოიარა მეორე მსოფლიო ომის საშინელება. უფრო მეტიც, იგი ომის ტყვე გახლდათ და შრომით ბანაკში ამუშავებდნენ. ვონეგუტს და მის თანამოაზრეებს სასაკლაოში ამუშავებდნენ, რომელსაც ,,სასაკლაო N5" ერქვა. ამ ამბებიდან 25 წლის შემდეგ კი მან გამოაქვეყნა მოთხრობა ,,მეხუთე სასაკლაო", რომლის თარგმანს დიოგენე გვპირდება. მანამდე კი მისი ნაწარმოებების მიმოხილვას ზემოთ მოცემულ ლინკებზე შეგიძლიათ გაეცნოთ.


4)



ელის მანრო- ძვირფასი სიცოცხლე

გამომცემლობა- დიოგენე

ელის მონრო გახლავთ კანადელი მწერალი. მუნროს ნამუშევრებმა რევოლუციური ცვლილება გამოიწვია მოკლე მოთხრობების სტრუქტურის აღნაგობაში. განსაკუთრებით კი ის ნიუანსია აღსანიშნავი, რომ ელისის ნაწარმოებებს აქვთ ტენდეცია დროში მოგზაურობის წინ და უკან. მსგავსი ეფექტი ნამდვილად უნიკალურს ხდის მის ნაწარმოებებს. გამომცემლობა დიოგენე კი გვპირდება ელის მანროს მოთხრობების კრებულის- ,,ძვირფასი სიცოცხლის" სრულ თარგმანს, რაც ნამდვილი სიუპრიზია ნებისმიერი მკითხველისთვის.



5)



ჯულიან ბარნსი- ინგლისი, ინგლისი

გამომცემლობა- დიოგენე


ჯულიან ბარნსი ბრიტანელი მწერალია. იგი ქართველი მკითხველისთვის წესით უცხო არ უნდა იყოს, რადგან დიოგენეს გამომცემლობამ უკვე თარგმნა ბარნსის 2 წიგნი, ,,დასასრულის განცდა" და ,,ფლობერის თუთიყუში". ამჯერად კი იგივე გამომცემლობა ემზადება ჯულიან ბარნსის ახალი წიგნის, ,,ინგლისი, ინგლისის" გამოსაცემად, რომელიც რამდენიმე სერიოზულ ლიტერატურული პრიზის ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი. ,,ინგლისი, ინგლისი" ეხმაურება ქვეყნის იდენტობის შენარჩუნების საკითხს, გამოგონილ კულტურასა და ტრადიციას, მითებსა და ნამდვილ ისტორიას. იგი ნამდვილი პოსტმოდერნული შედევრია.


6)




ჯონ ფაულზი- ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

გამომცემლობა- დიოგენე


ჯონ ფაულზი ბრიტანელი მწერალია, რომლის ნაწარმოებები მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის შეგვიძლია მოვაქციოთ. კრიტიკოსების აზრით, ჯონის ნაწარმოებებზე სერიოზული გავლენა ჰქონდა კამიუს. რაც შეეხება ,,ფრანგი ლეიტენანტის საყვარელს", ის პოსტმოდერნული ისტორიული რომანია. ამ წიგნში თქვენ შეხვდებით მოყვარული ნატურალისტის- ჩარლზ სმიტსონისა  და თავისუფალი ბუნების მქონე ქალის- სარა ვუდრაფის სასიყვარულო ისტორიას. მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში ვითარდება და თხრობაც სწორედ სარას ამბით იწყება.



7)



გილიან ფლინი- გაუჩინარებული ქალი

გამომცემლობა- პალიტრა L


გილიან ფლინი გახლავთ ამერიკელი მწერალი, სცენარისტი, გრაფიკული ნოველების ავტორი და ამასთანავე კრიტიკოსი. მისი ერთ-ერთი წიგნი ,,გაუჩინარებული ქალი(Gone Girl)" უკვე ყველასთვის ცნობილია, რადგან 2014 წელს დეივიდ ფინჩერმა წიგნის სიუჟეტის მიხედვით ფილმი გადაიღო. წიგნში მოთხრობილია ნიკისა და ემის რთული ქორწინების შესახებ. წიგნი პირველი ნაწილი პირველ პირშია დაწერილი, სადაც ნიკი და ემი ერთმანეთს ენაცვლებიან ამბის თხრობისას. ნიკი საუბრობს აწმყოდან, ხოლო ემი კი წარსულიდან. მათ საუბარს დღიურის სახე აქვს. ეს ორი ტიპის ამბავი ერთმანეთისგან კოლოსალურად განსხვავდება. კერძოდ რა განსხვავებაა, ამას მალე მკითხველი ქართულ ენაზე შეიტყობს.



8)



დინ ქუნცი- უცნაური თომასი

გამომცემლობა- პალიტრა L


დინ ქუნცი ამერიკელი მწერალია, რომელიც ტრილერის ჟანრის ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს ისეთ ჟანრებშიც, როგორიცაა: საშინელება და მისტიკა-ფენტეზი. რამდენიმე მისი წიგნი ,,ნიო იორკ თაიმზის" ბესტსელერების სიაშიც კი მოხვდა. უცნაური თომასი ტრილერის ჟანრის წიგნია, რომელიც 2003 წელს გამოიცა. წიგნის დასაწყისში ნაწარმოების მთავარ გმირს, თომასს უახლოვდება ახალგაზრდა გოგონას მოჩვენება, რომელიც გააუპატიურეს და შემდეგ დაუნდობლად მოკლეს. თომასს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გარდაცვლილთა სულებთან საუბარის. სწორედ მსგავსი უნარი აძლევს საშუალებას ამ გოგონას მკვლელის ვიანობა დაადგინოს. აქედან იწყება მისი თავგადასავალი.





9)



ქეით რუთ დეივის- ვამპირული ომები

გამომცემლობა- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ქეით რუთი ბრიტანელი მწერალია, რომელიც 14 წლის განმავლობაში მოგზაურობდა და პარალელურად წერდა კიდეც. ამჟამად იგი საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც ინგლისური ენის სპეციალისტი. მისი წიგნი ვამპირული ომები მოგვითხრობს თინეიჯერ დეას შესახებ, რომელსაც აქვს უნარი ვამპირების ამოცნობის. იგი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ამ სისხლისმსმელ არსებებს, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. დეა იძულებული ხდება საშინელ თავგადასავალში მიიღოს მონაწილეობა, სადაც გამჭრიახობა და წინდახედულობა უმნიშვნელოვანესია.


10)


რენე დეკარტე- სულის ვნებანი

გამომცემლობა- აგორა

რენე დეკარტე ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მწერალი გახლავთ, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჰოლანდიაში გაატარა. იგი თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. საბედნიეროდ, გამომცემლობა ,,აგორა" გვპირდება დეკარტეს ბოლო ნაშრომს, ,,სულის ვნებანს", რომელიც ავტორმა მიუძღვნა ბოჰემიის პრინცესა ელიზაბედს. მწერალი ცდილობს ვნებეთა ცნების ახსნას, რაც თანამედროვე ეპოქაში იგივდება ემოციებთან და რომელიც ფილოსოფოსთა დავის საგნად არის ქცეული პლატონიდან მოყოლებული.



11)



მარსელ პრუსტი- სოდომი და გომორი

გამომცემლობა- არტანუჯი


ალბათ ყველამ იცის, რომ მარსელ პრუსტი იყო ფრანგი მწერალი, კრიტიკოსი და ესეისტი, რომელიც ცნობილია თავისი ფილოსოფიური ნაშრომით, ,,დაკარგული დროის ძიებაში", რომელიც იყოფა 7 ძირითად ნაწილად. 2015 წელს კი გამომცემლობა ,,არტანუჯი" გვთავაზობს ამ 7 ნაწილიანი თხზულების მეოთხე ნაწილის თარგმანს, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სულმოუთქმელად ელოდება.




12)





ალესანდრო ბარიკო- მეოცე

გამომცემლობა- ძია ნოდარის წიგნები


ალესანდრო ბარიკო იტალიელი მწერალი და რეჟისორია, რომლის წიგნები ძალიან ბევრ ენაზეა თარგმანი. წიგნის ეროვნული ცენტრის კონკურსში გამარჯვებული სწორედ მისი ერთ-ერთი წიგნი, ,,მეოცე" გახდა. გამომცემლობა ,,ძია ნოდარის წიგნები" კი მის ქართულ თარგმანს გვპირდება.




13)


კარლო ჩიპოლა- სახალისო, მაგრამ არც ისე


გამომცემლობა- ძია ნოდარის წიგნები



კარლო ჩიპოლა იტალიელი ეკონომიკის ისტორიკოსი გახლდათ. ბავშვობაში მას სურდა ეკონომიკისა და ფილოსოფიის შესწავლა, თუმცა უნივერსიტეტში მოწყობის შემდეგ, ერთი ლექტორის წყალობით, მან ნამდვილი ლტოლვა აღმოაჩინა ეკონომიკის ისტორიის მიმართ. ჩიპოლა საკმაოდ ,,ანცი" ბუნების ადამიანი გახლდათ. მან დაწერა წიგნი ,,სახალისო, მაგრამ არც ისე", რომელმაც ამ ადამიანს ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა და ყოველ წელიწადს წიგნის ახალი ეგზემპლარი გამოიცემა და მილიონობით მათგანი იყიდება. ჩიპოლას აზრით მსოფლიოში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სულელებით კომპლექტდება. მისი აზრით, ასეთი დაჯგუფება ნებისმიერ მაფიაზე ძლიერია.


14)




გიორგოს სეფერისი- ლექსები

გამომცემლობა- ინტელექტი


გიორგოს სეფერისი გახლავთ ბერძენი პოეტ-დიპლომატი. იგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერძენი პოეტი მე-20 საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში, ამასთანავე, ნობელის პრემიის ლაურეატიც. გიორგოსზე დიდი გავლენა იქონია კვირპოსის კუნძულმა, როდესაც პირველად ეწვია. მისი ლექსების ნაწილის შთაგონების წყარო სწორედ ეს კუნძული გახდა. გამომცემლობა ინტელექტი კი მისი ლექსების თარგმანს გვპირდება.


15)



სვეტლანა ალექსიევიჩი- ჩერნობილის ლოცვა. მომავლის ქრონიკა

გამომცემლობა- არტანუჯი



სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსელი ჟურნალისტი და პროზაიკოსი. 2014 წელს იგი იყო ნომინირებული ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე. სვეტლანა მინსკში ცხოვრობდა, როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა. მან ინტერვიუ ჩამოართვა 500-ზე მეტ თვითმხილველს: მეხანძრეს, ლიკვიდატორებს(რადიაციისგან გამწმენდი სამსახური), პოლიტიკოსებს, ფიზოკოსებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ეს წიგნი ეხება ფსიქოლოგიურ და ინდივიდუალურ ტრაგედიას, რომელიც ჩერნობილის კატასტროფამ გამოიწვია.



ამას გარდა, წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონურსში გამარჯვებული ნაწარმოებებია წარმატებული მენეჯერის, დიმიტრი დიმიტრიადის - ,,ვკვდები როგორც ქვეყანა" და ჯიბრან ხალილ ჯიბრანის პროზა და ესეისტიკა.







ავტორი: გიორგი წერეთელი